
„არა რუსულ კანონს!“ - პარლამენტთან ჟურნალისტები და აქტივისტები აქციას მართავენ
08/04/2024 11:22:43 საზოგადოება
საქართველოს პარლამენტის შესასვლელთან ჟურნალისტები და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები აპროტესტებენ ე.წ. აგენტების კანონის ინიცირებას. დოკუმენტი აქციის მიმდინარეობის დროს რეგისტრირდება საქართველოს პარლამენტის ბიუროზე.
პარლამენტის შესასვლელთან ისმის შეძახილები - „არა რუსულ კანონს!“ ჟურნალისტებიც და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებიც აცხადებენ, რომ მმართველი პარტია ამ კანონპროექტის ხელახლა ინიცირებით ცდილობს რუსული მეთოდებით გააჩუმოს არასამთავრობო ორგანიზაციები და მედიასაშუალებები.
პარლამენტში სამართალდამცველები ჟურნალისტების ნაწილს არ უშვებენ. მათი თქმით, აკრედიტაციის მიუხედავად, მათ საკანონმდებლო ორგანოში არ უშვებენ.
ცნობისთვის: „ქართულმა ოცნებამ“ 3 აპრილს გამოაცხადა, რომ კვლავ გეგმავს ე.წ. აგენტების კანონის ინიციირებას. ამ კანონის მიღების მცდელობამ 2023 წლის მარტში მასობრივი საპროტესტო აქციები გამოიწვია. საბოლოოდ, მმართველმა პარტიამ კანონპროექტი გაიწვია. კანონპროექტს შარშანდელი ვარიანტისგან მხოლოდ ის განასხვავებს, რომ ნაცვლად ტერმინისა „უცხოური გავლენის აგენტი“, გამოყენებულია ტერმინი „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია“. საქართველოს დასავლელი პარტნიორები - შეერთებული შტატები, ნატო, ევროკავშირი, ასევე ევროპის არაერთი ქვეყანა, პარლამენტს მოუწოდებენ, არ მიიღოს ეს კანონი. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „აგენტების კანონს“, მმართველი გუნდის მტკიცების საწინააღმდეგოდ, „რუსული კანონი“ უწოდა, ხოლო „ქართული ოცნების“ ხელისუფლება რუსული მიმართულების გატარებაში დაადანაშაულა. მმართველი პარტია კანონის საგაზაფხულო სესიის ბოლომდე - ივნისის ბოლო პარასკევამდე - მიღებას გეგმავს.
ამავე თემაზე: „ქართულმა ოცნებამ“ „საფრთხედ“ დასავლეთი მონიშნა?