
ლევან მებონია: აფხაზეთს ელექტროენერგიას ქართული კერძო კომპანია აწვდის
08/04/2024 12:09:34 კონფლიქტები, საზოგადოება
ოკუპირებულ აფხაზეთს ამჟამად ელექტროენერგია ქართული კერძო კომპანიისგან მიეწოდება, ამის შესახებ „აფხაზურ პორტალს“ შპს „ენგურჰესის“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარემ ლევან მებონიამ განუცხადა.
მას არ დაუზუსტებია, რომელ კომპანიაზეა საუბარი.
მანამდე გახდა ცნობილი, რომ ენგურჰესმა მუშაობა სადგურის სადერივაციო გვირაბში კედლის დაზიანების გამო შეაჩერა. მებონიას თქმით, სადგურის ამოქმედება კი 15 აპრილისთვის იგეგმება.
მან აღნიშნა, რომ აფხაზეთისთვის მიწოდებული ელექტროენერგია 6-7-ჯერ ძვირია, ენგურჰესის ელექტროენერგიასთან შედარებით.
„აპრილის განმავლობაში ამ მოცულობის ელექტროენერგია (კერძო კომპანიისთვის) იქნება დასაბრუნებელი“, - თქვა მან.
„სიტუაცია მარტივი არაა, ნოემბერში, დეკემბერში, იანვარში, თებერვალში მთელი ელექტროენერგია აფხაზეთს მიაქვს, საერთოდ არ მაქვს ფინანსური შემოსავალი. თუ ვინმე ფიქრობს, რომ სადგური განზრახ გავაჩერეთ, ძალიან ცდება. ჩემი ინტერესია, სადგური მუშაობდეს და ფულს იღებდეს, ხელფასებს იხდიდეს, საოპერაციო ხარჯებს ფარავდეს", - აცხადებს მებონია და დასძენს, რომ ოკუპირებულ აფხაზეთს ამჟამად რუსეთიდან ელექტროენერგია არ მიეწოდება, ამასვე მოწმობს საქართველოს ელექტროსისტემის მონაცემებიც.
საქართველოს ეკონომიკის მინისტრ ლევან დავითაშვილს მთავრობის დღევანდელი სხდომის შემდეგ დაუსვეს ამ თემაზე კითხვა, თუმცა თქვა, რომ მისთვის უცნობია, რომელ კომპანიაზე ლაპარაკობს მებონია.