
ლონდონი და პარიზი: მოკავშირეებმა მეტი უნდა გააკეთონ რუსეთის მარცხის უზრუნველსაყოფად
08/04/2024 12:47:19 მსოფლიო
უკრაინამ რუსეთთან ომი უნდა მოიგოს, დასავლელმა მოკავშირეებმა კი მეტი უნდა გააკეთონ რუსეთის დამარცხების უზრუნველსაყოფად. ასეთი განცხადებები გააკეთეს ერთობლივ სტატიაში,დიდი ბრიტანეთის და საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა, რომელიც მიეძღვნა ფრანკო-ბრიტანული ალიანსის 120 წლის იუბილეს, რომელიც ისტორიაში "ანტანტის" სახელით შევიდა. ტექსტი ბრიტანულმა გაზეთმა The Telegraph-მა გამოაქვეყნა.
„თუ უკრაინა დამარცხდება, ჩვენ ყველანი დავმარცხდებით. ჩვენი მხრიდან უკრაინის მხარდაჭერის უუნარობის საფასური გაცილებით მეტი იქნება, ვიდრე პუტინის აგრესიის მოგერიება“, - ნათქვამია სტატიაში.
მასში მოხსენიებულია ლონდონისა და პარიზის მიერ კიევის მხარდაჭერის კონკრეტული მაგალითები, მათ შორის Scalp და Storm Shadow რაკეტების მიწოდება და უკრაინელი მფრინავების მომზადება. ამასთან, სტატიაში ნათქვამია, რომ კიდევ უფრო დიდი ძალისხმევაა საჭირო უკრაინის მხარდასაჭერად. ნახსენებია პარიზში თებერვლის შეხვედრაც, რომელზეც, სხვა საკითხებთან ერთად, განიხილეს უკრაინაში ნატოს სამხედრო მოსამსახურეების გაგზავნის შესაძლებლობა. თავად ტექსტში არ არის ნახსენები მსგავსი შესაძლებლობა.
კემერონი და სეჟურნე ასევე აღნიშნავენ საერთაშორისო ტერორიზმთან ბრძოლის მნიშვნელობას და ხაზს უსვამენ, რომ მიუხედავად პუტინის "აგრესიული ომისა უკრაინის წინააღმდეგ", საფრანგეთმა და ბრიტანეთმა სოლიდარობა გამოუცხადეს რუს ხალხს Crocus City Hall-ში მომხდარ ტერაქტთან დაკავშირებით.
მინისტრები აღნიშნავენ, რომ ანტანტის შექმნიდან 120 წლის შემდეგ, საფრანგეთი და დიდი ბრიტანეთი აგრძელებენ მეგობრობის შენარჩუნებას და მათი ერთობლივი ისტორია საშუალებას გვაძლევს, მომავალს ოპტიმიზმით შევხედოთ „თუნდაც ბნელ დღეებში“. „ერთად ჩვენ შევძლებთ სხვების მიზიდვასაც, რათა გადავლახოთ არსებული სირთულეები“.