
რუსეთისთვის სტრატეგიული მნიშვნელობის სარკინიგზო მონაკვეთზე ნგრევას მსხვერპლი მოჰყვა
08/04/2024 18:12:27 მსოფლიო
რუსეთში, სმოლენსკის ოლქის ქალაქ ვიაზმაში ორშაბათს ჩამოინგრა ესტაკადა - საავტომობილო ხიდი რკინიგზის თავზე. ხიდზე მიმავალი მსუბუქი ავტომობილი და სატვირთო მანქანა სიმაღლიდან გადავარდნენ. მანქანაში მყოფი ქალი გარდაიცვალა. სატვირთოს მძღოლი მძიმე მდგომარეობაში საავადმყოფოში გადაიყვანეს.
დაშავებულია სულ ხუთი ადამიანი, იტყობინება საგანგებო სიტუაციების სამინისტროს რეგიონული პრესსამსახური. მათ სამედიცინო დახმარება უტარდებათ.
ავარიის გამო ვიაზმა-სემლევოს მონაკვეთზე სარკინიგზო ლიანდაგები დაზიანდა. მატარებლის მოძრაობა შეჩერებულია. მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები.
როგორც იტყობინებიან, ვიაზმა - სემლევოს მონაკვეთს რუსეთისთვის დიდი სატრანსპორტო მნიშვნელობა აქვს. ის მოსკოვი-მინსკის რკინიგზის ნაწილია, ასევე შესაძლებელია სამხედრო ტვირთის გადაზიდვა რუსეთსა და ბელარუსს შორის.
გარდა ამისა, ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, ხიდის ჩამონგრევის გამო დაზიანდა გაზმომარაგების ქსელები. გაზის გარეშე დარჩა 8,8 ათასი ადამიანი და 69 იურიდიული პირი. მიმდინარეობს სარემონტო სამუშაოები.
რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა განაცხადა, რომ საქმე აღძრეს ხიდის ჩამონგრევისა და ადამიანის გარდაცვალების ფაქტზე.