
რუსეთმა უკრაინაზე მორიგი იერიში მიიტანა, მსხვერპლია პოლტავაში
09/04/2024 05:03:18 მსოფლიო
რუსეთის სამხედრო ძალებმა უკრაინაზე რაკეტებით და უპილოტო საფრენი აპარატებით მორიგი იერიში მიიტანეს.
უკრაინის საჰაერო ძალების მიერ 9 აპრილის დილით გამოქვეყნებული მონაცემებით, გასული ღამის განმავლობაში საოკუპაციო ძალებმა უკრაინის სხვადასხვა ოლქს 20 დრონით შეუტიეს ოკუპირებული ყირიმიდან და 4 საზენიტო მართვადი რაკეტით - დონეცკის ოლქის ოკუპირებული ნაწილიდან.
საჰაერო ძალების თანახმად, უკრაინელმა სამხედროებმა 20-ვე უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს ნიკოლაევის, ოდესის, ხერსონის, დნეპროპეტროვსკის, პოლტავის, ვინიცის და ლვოვის ოლქებში.
რუსეთის სარაკეტო შეტევას მსხვერპლი მოჰყვა პოლტავაში. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, დაიღუპა 1 და დაიჭრა 10 ადამიანი. უკრაინის საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, დარტყმა იყო საერთო საცხოვრებელზე. დაზიანებულია ახლომდებარე სახლებიც.