
საკრებულოს "ოცნების" დეპუტატი ფიზიკურ დაპირისპირებას ადეკვატურ პასუხად მიიჩნევს
24/12/2019 08:25:15 საშინაო პოლიტიკა
თბილისის საკრებულოს უმრავლესობის წევრი გიორგი დოხტურიშვილი მიიჩნევს, რომ საკრებულოს "ნაციონალური მოძრაობის" წევრთან ლევან ხაბეიშვილთან ფიზიკური დაპირისპირება ხაბეიშვილის ქმედებებზე ადეკვატური პასუხი იყო.
დოხტურიშვილის თქმით, ლევან ხაბეიშვილმა კონფლიქტის სიტყვიერად მოგვარების საშუალება არ დაუტოვა.
"ლევან ხაბეიშვილს არ მიეცემა შესაძლებლობა სხდომების ჩაშლის, ჩემი თანაგუნდელების შეურაცხყოფის. რამდენჯერაც მას ამის მცდელობა ექნება, იმდენჯერ მიიღებს ადეკვატურ პასუხს. ფიზიკურ დაპირისპირებას რაც შეეხება, რა თქმა უნდა მისასალმებელი არ არის, თუმცა ადამიანი თუ საშუალებას არ დაგიტოვებს იმისას, რომ შენი სიტყვიერი პასუხით დაკმაყოფილდეს, რა თქმა უნდა, მიიღებს ადეკვატურ პასუხს", - განაცხადა გიორგი დოხტურიშვილმა.
შეგახსენებთ, საკრებულოს გარემოს დაცვის კომისიის სხდომაზე "ნაციონალური მოძრაობის" წევრი ლევან ხაბეიშვილი და "ქართული ოცნების" დეპუტატი გიორგი დოხტურიშვილი ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. ფიზიკური დაპირისპირება გიორგი დოხტურიშვილსა და ლევან ხაბეიშვილს შორის მას შემდეგ დაიწყო, რაც საკრებულოს დეპუტატები ერთმანეთისადმი მიმართვის ფორმებმა გააღიზიანა. ხაბეიშვილი მოითხოვდა, რომ დეპუტატ ერეკლე კუხიანიძეს კომისიის სხდომა დაეტოვებინა, თუმცა დაპირისპირების შემდეგ კომისიის სხდომა ლევან ხაბეიშვილმა დატოვა.