
მოსკოვის სასამართლომ ნორვეგიის პარლამენტის ყოფილი წევრი დაუსწრებლად დააკავა უკრაინის მხარეს ბრძოლისთვის
09/04/2024 11:17:54 მსოფლიო
მოსკოვის ბასმანის სასამართლომ დაუსწრებლად დააკავა ნორვეგიის პარლამენტის ყოფილი წევრი სანდრა ანდერსენ ეირა, რომელიც საერთაშორისო ლეგიონის ფარგლებში იბრძვის უკრაინის მხარეს. იტყობინება "მედიაზონა".
ეირა იყო ნორვეგიის პარლამენტის წევრი 2017 წლიდან 2021 წლამდე. რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, იგი შეუერთდა უკრაინის შეიარაღებული ძალების საერთაშორისო ლეგიონს, რაც ირკვევა მის "ფეისბუქ" – გვერდზე განთავსებული ცნობებიდან.
2024 წლის იანვარში, რუსეთის სასამართლომ დაუსწრებლად დააკავა უკრაინის შეიარაღებული ძალების მოხალისეთა სკანდინავიური ოცეულის 28 წლის ხელმძღვანელი ფინი ტოპი ჰუჰტალა, ასევე დავით რურუა და ლატვიელი სამხედრო ატვარსე ანინშე. მათ ასევე ბრალად ედებათ "დაქირავებულობა". ამ მუხლით, მანამდე დაუსწრებლად დააკავეს ქართული ლეგიონის ოთხი წევრი, ასევე უკრაინის შეიარაღებული ძალების ორი მოხალისე ლატვიიდან - სეიმის დეპუტატი იურის იურასი და ალვის ლუქსა.
რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ინფორმაციით, უკრაინის მხარეზე მებრძოლი უცხო ქვეყნის 700-მდე მოქალაქე ძებნილთა სიაშია შეყვანილი. ნიდერლანდების, ახალი ზელანდიის, ნორვეგიის, პოლონეთისა და რუმინეთის რიგ მოქალაქეებს დაუსწრებლად წაუყენეს ბრალი.
უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ გამოაცხადა ახალი დანაყოფის - უკრაინის ტერიტორიული თავდაცვის საერთაშორისო ლეგიონის შექმნის შესახებ. მეორე დღეს უკრაინამ ამ ლეგიონში გაწევრიანების მსურველი უცხოელებისთვის დროებითი უვიზო რეჟიმი შემოიღო. უცნობია ზუსტად რამდენი უცხო ქვეყნის მოქალაქე იბრძვის უკრაინის მხარეს.