
AP: სერბეთი ახლოსაა ფრანგული Rafale–ების შეძენასთან, რაც ტრადიციულ მიმწოდებელზე უარის თქმას ნიშნავს
09/04/2024 13:29:27 მსოფლიო
სერბეთი ახლოსაა 12 ფრანგული მრავალფუნქციური გამანადგურებელის Rafale–ს შეძენის თაობაზე ხელშეკრულების გაფორმებასთან, რაც ბელგრადის მიერ ტრადიციულ მიმწოდებელ რუსეთზე უარის თქმას ნიშნავს,– ამის შესახებ AP სერბეთის პრეზიდენტ ალექსანდრ ვუჩიჩზე დაყრდნობით წერს.
ვუჩიჩმა პარიზში ორდღიანი ვიზიტის დროს მოლაპარაკებები გამართა პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან, ასევე საფრანგეთის თავდაცვის სექტორის წარმომადგენლებთან, კერძოდ, Rafale-ის მწარმოებელ Dassault Aviation-თან.
ვუჩიჩმა თქვა, რომ მას "ძალიან კარგი საუბარი" ჰქონდა მაკრონთან ორშაბათს საღამოს, რომელიც სამ საათზე მეტხანს გაგრძელდა და რომ მათ "მიაღწიეს კონკრეტულ შეთანხმებას Rafale-ის მოიერიშე თვითმფრინავების შეძენაზე".
მისივე თქმით, კონტრაქტები უახლოეს ორ თვეში გაფორმდება. თვითმფრინავის შეძენა გააფართოვებს ორ სახელმწიფოს შორის სამხედრო თანამშრომლობას.
პოტენციური შეთანხმების ფინანსური დეტალები არ გამოქვეყნებულა, მაგრამ პროსამთავრობო სერბული მედია მას დაახლოებით 3 მილიარდ ევროდ აფასებს.
სერბეთი ორ წელზე მეტია განიხილავს Rafale-ის ახალი თვითმფრინავების შეძენას მას შემდეგ, რაც მისმა მეზობელმა ხორვატიამ იყიდა იმავე ტიპის 12 მეორადი მებრძოლი დაახლოებით 1 მილიარდ ევროდ.
Rafale-ის პოტენციური შეძენა საშუალებას მისცემს სერბეთს, განაახლოს თავისი ავიაპარკი, რომელიც შედგება ძირითადად საბჭოთა MiG-29 გამანადგურებლებისგან და ასევე მოძველებული იუგოსლავიური საბრძოლო თვითმფრინავებისგან.