
ნინო სუხიშვილი: ვშიშობ, რომ ეს კანონი საქართველოზე აზრს შეუცვლის ჩვენს მეგობარ ქვეყნებს
10/04/2024 07:56:10 საზოგადოება
ანსამბლ "სუხიშვილების" დირექტორი ნინო სუხიშვილი შიშობს, რომ "აგენტების" შესახებ კანონპროექტის პარლამენტში კვლავ ინიიცირება საქართველოს იმიჯზე უარყოფითად იმოქმედებს. ამის შესახებ მან "ტვ პირველის" ეთერში ისაუბრა.
"ჩემთვის ძალიან გასაკვირია, რატომ მოითხოვს ჩვენი ხელისუფლება ასე დაჟინებით ამ კანონპროექტის დამტკიცებას, რადგან ზუსტად 1 წლის წინ ეს კანონპროექტი ჩავარდა და ეს იყო ჩვენი საზოგადოების დიდი ნაწილის პროტესტის შედეგი და ამიტომ, გასაკვირია, რომ წელს ისევ წარმოიშვა ამ კანონპროექტის გატარების იდეა, რომელშიც არაფერია შეცვლილი, გარდა ერთი სიტყვისა, ამოღებულია სიტყვა აგენტი, თორემ პრინციპში, აბსოლუტურად იგივეა და ის ორგანიზაციები, რომლებიც მოექცევიან ამ კანონპროექტის ქვეშ, არ მიმაჩნია, რომ ისინი არიან უცხო ძალების და უცხო ქვეყნების ინტერესების მატარებლები. პირიქით, ზუსტად ისინი არიან, ვინც იცავს საქართველოს დემოკრატიულ გზას, სიტყვის თავისუფლებას და ასევე, კრიტიკული აზრის დამკვიდრებას ჩვენს საზოგადოებაში, რაც ძალიან მნიშვნელოვანია იმ დემოკრატიისთვის, რომლისთვისაც ჩვენ ვიღვწით და გვინდა, ჩვენი ქვეყანა იყოს დემოკრატიული. [...] მე მგონი, ეს ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის ცოტა საფრთხე იქნება, რადგან ჩვენ გვინდა მშვიდობა, უსაფრთხოება და ევროპული მომავალი და მე ვშიშობ, რომ ეს კანონი აზრს შეუცვლის ჩვენს ქვეყანაზე ჩვენს მეგობარ ქვეყნებს",– თქვა სუხიშვილმა.
ის ხაზს უსვამს, რომ ოკუპირებული ქვეყნისთვის უსაფრთხოება და მშვიდობა მნიშვნელოვანია და მათ შორის, ამ მიმართულებითაც მთავარი იმედი პარტნიორების გვერდში დგომაა:
"ოკუპირებულია ჩვენი ქვეყნის 20% და რასაკვირველია, ჩვენთვის უსაფრთხოება და მშვიდობა მთავარია და ამის მთავარი იმედი არის ჩვენი მოკავშირეებისა და მეგობარი ქვეყნების - ევროპული ქვეყნებისა და ამერიკის გვერდზე დგომა, ეს არის ჩვენი უსაფრთხოების გარანტი, რადგან, როგორც ვიცით, და არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჩვენი პირველი საგარეო მტერი არის რუსეთი და ზუსტად ის უცხოური საგარეო ძალა არის რუსეთი, თავისი აგრესიით. ეს საფრთხე სულ არის და რასაკვირველია, როგორც ქვეყნის პატრიოტი, მე ვუსურვებ ჩემს ქვეყანას მშვიდობას, უსაფრთხოებას და რასაკვირველია, ევროპის გეზით სვლასა და ევროპის დიდ ოჯახში გაწევრიანებას".