
თამრიკო ჭოხონელიძე: ასეთი ღალატი, სიცრუე და ხალხის გადაგდება არ მოსულა!
10/04/2024 11:51:56 ციტატა
"მსგავსი რამ არ მოსულა - ასეთი ღალატი, სიცრუე, ხალხის გადაგდება. მგონია, რომ ყველა ცივილურ და თავმოყვარე ქვეყანაში, ესენი, სულ მინიმუმ, გაწვეულები უნდა იყვნენ! ასეთი რაღაც სადმე ხდება? ხალხისთვის ასე უნამუსოდ თვალებსა და ყურებში ნაცრის შეყრა",– თქვა მომღერალმა თამრიკო ჭოხონელიძემ "ტვ პირველთან" "აგენტების" შესახებ კანონპროექტზე საუბრისას.
ინფორმაციისთვის: „ქართული ოცნება“ მეორედ ცდილობს, მიიღოს კანონი „აგენტების“ შესახებ. როგორც განმარტეს, ახალ პროექტს ძველისგან მხოლოდ ერთი რამ განასხვავებს – ნაცვლად ტერმინისა „უცხოური გავლენის აგენტი“, გამოყენებულია „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია“. შესაბამისად, ორგანიზაციები, რომლებიც მათ შორის მუშაობენ ადამიანის უფლებებზე, რეფორმების ხელშეწყობაზე, კორუფციის გამოვლენაზე, იმის გამო, რომ დაფინანსების 20%-ზე მეტს უცხოეთიდან იღებენ, „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლად“ მოინიშნებიან სახელმწიფოს მიერ. ხოლო დონორები, მათ შორის ევროკავშირი, აშშ – "უცხო ძალად".
რუსული პრაქტიკა: ჯერ „აგენტებად“ დაარეგისტრირეს სამოქალაქო ორგანიზაციები, შემდეგ სია ეტაპობრივად გაფართოვდა და მასში აღმოჩნდა ყველა კრიტიკული აზრის მქონე მეტ-ნაკლებად ცნობილი სახეც კი, მათ შორის მწერლები, მომღერლები, მხატვრები. მათ წინააღმდეგ დაწესდა მკაცრი შეზღუდვები და საბოლოოდ, ეს კანონი იქცა პუტინის რეჟიმის ხელში ეფექტურ იარაღად ნებისმიერი განსხვავებული აზრის წინააღმდეგ.