Accentnews.ge
ელჩი: "როდესაც ყველა მეგობარი გეუბნება, რომ შეშფოთება აქვს ამ კანონპროექტთან დაკავშირებით, მაგრამ ოკუპანტი მიესალმება მას, უნდა დასვათ კითხვა, არის თუ არა ეს სასიკეთო თქვენი ქვეყნისთვის"

ელჩი: "როდესაც ყველა მეგობარი გეუბნება, რომ შეშფოთება აქვს ამ კანონპროექტთან დაკავშირებით, მაგრამ ოკუპანტი მიესალმება მას, უნდა დასვათ კითხვა, არის თუ არა ეს სასიკეთო თქვენი ქვეყნისთვის"

10/04/2024 12:24:45 პოლიტიკა

საქართველოში აშშ–ის ელჩი რობინ დანიგანი "აგენტების" შესახებ კანონის პარლამენტში დაბრუნების ფაქტს ეხმიანება.

მან ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ ხელისუფლების მიერ ინიცირებულ კანონპროექტსა და აშშ-ში მოქმედ FARA-ს შორის მსგავსება საერთოდ არ არის.

"თუ გექნებათ კანონპროექტი, რომელზეც თქვენი ყველა დასავლელი პარტნიორი და მეგობარი გეუბნება, რომ სერიოზული შეშფოთება აქვს, მაგრამ ოკუპანტი მიესალმება მას, უნდა დასვათ კითხვა, არის თუ არა ეს სასიკეთო თქვენი ქვეყნისთვის. მინდა, კიდევ ერთხელ გავიმეორო, რომ ეს კანონპროექტი არ არის ამერიკული კანონის მსგავსი. აშშ მიესალმება ჩვენი სამოქალაქო ორგანიზაციების როლს და იმას, როგორ ეხმარებიან ისინი ჩვენს ქვეყანას. ჩვენი კანონი კონკრეტულად მოითხოვს, რომ ორგანიზაციები და პირები, რომელთაც ფულს უხდიან უცხო ქვეყნის მთავრობისა და მათი ინტერესების ლობირებაში, იყვნენ დარეგისტრირებული. ეს ძალიან განსხვავებული კანონია. ასე რომ, კიდევ ერთხელ მინდა, განვაცხადო, რომ აშშ საქართველოს, მისი ხალხისა და მთავრობის გვერდით დგას და მხარს უჭერს საქართველოს ევროპულ გზას“, – განაცხადა დანიგანმა.

მისი თქმით, კანონპროექტთან დაკავშირებით შეშფოთენა მხოლოდ ვაშინგტონს არ აქვს:

„ეს შეშფოთება მხოლოდ აშშ-ს არ აქვს. ევროკავშირმა, NATO-მ, ევროპულმა საბჭომ, ევროპარლამენტმა, მრავალმა ევროპულმა ქვეყანამ და პარლამენტმა, გაერო-მ ასევე გამოთქვეს სერიოზული შეშფოთება ამ კანონპროექტთან დაკავშირებით. მათ გამოთქვეს შეშფოთება, რომ ეს კანონპროექტი უარყოფითად აისახება საქართველოს ევროკავშირის წევრობის გზაზე".

ცნობისთვის: „ქართულმა ოცნებამ“ 3 აპრილს გამოაცხადა, რომ კვლავ გეგმავს ე.წ. აგენტების კანონის ინიცირებას. ამ კანონის მიღების მცდელობამ 2023 წლის მარტში მასობრივი საპროტესტო აქციები გამოიწვია. საბოლოოდ, მმართველმა პარტიამ კანონპროექტი გაიწვია. კანონპროექტს შარშანდელი ვარიანტისგან მხოლოდ ის განასხვავებს, რომ ნაცვლად ტერმინისა „უცხოური გავლენის აგენტი“, გამოყენებულია ტერმინი „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია“. საქართველოს დასავლელი პარტნიორები - შეერთებული შტატები, ნატო, ევროკავშირი, ასევე ევროპის არაერთი ქვეყანა, პარლამენტს მოუწოდებენ, არ მიიღოს ეს კანონი. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „აგენტების კანონს“, მმართველი გუნდის მტკიცების საწინააღმდეგოდ, „რუსული კანონი“ უწოდა, ხოლო „ქართული ოცნების“ ხელისუფლება რუსული მიმართულების გატარებაში დაადანაშაულა. მმართველი პარტია კანონის საგაზაფხულო სესიის ბოლომდე - ივნისის ბოლო პარასკევამდე - მიღებას გეგმავს.

8 აპრილს პარლამენტის ბიუროს სხდომაზე ფრაქცია „ქართული ოცნების“ ინიცირებული კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ დარეგისტრირდა. კანონპროექტის განხილვა კომიტეტებში 15 აპრილს დაიწყება.

ამავე თემაზე: „ქართულმა ოცნებამ“ „საფრთხედ“ დასავლეთი მონიშნა?

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S