
სამცხე–ჯავახეთის მუფთი: მივიღეთ გადაწყვეტილება, ადიგენში შეჩერდეს პარასკევის ლოცვა
10/04/2024 14:22:22 საზოგადოება
სამცხე–ჯავახეთის მუფთის მამუკა ვაშაყმაძის განცხადებით, ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენების გამო, ადიგენში, მერაბ მიქელაძის სახლში მუსლიმები პარასკევის ლოცას აღარ აღავლენენ.
როგორც ის ვიდეომიმართვაში ამბობს, აღნიშნულ საკითხზე გადაწყვეტილება, სოფელ ჭელაში გამართულ შეხვედრაზე, ცხარე დისკუსიის შემდეგ მუსლიმებმა ერთობლივად მიიღეს.
„აღნიშნული მოვლენებიდან გამომდინარე, ჭელაში შემდგარი ცხარე დისკუსიისას, მუსლიმ თემთან ერთად, მივიღეთ გადაწყვეტილება შეჩერდეს პარასკევის ლოცვა, ბაირამის ლოცვა და გადავიდეს მოლაპარაკების ფორმატში, ცივილიზებულ ფორმატში. ამისთვის ძალიან დიდი მადლობა მუნდა ვუთხრა ბატონ მერაბს, იმ მრევლს, რომელმაც ამ გადაწყვეტილების მიღებაში დაგვეხმარა, გვერდში დაგვიდა და მშვიდობას დაუჭირა მხარი“, – განაცხადა მამუკა ვაშაყმაძემ.
მან ამ საკითხზე მერაბ მიქელაძის სახლის წინ ისაუბრა, სადაც მუსლიმები პარასკეობით იკრიბებიან და ლოცულობენ.
„ჩვენ ადიგენში აღნიშნული პრობლემების გამო, შევაჩერეთ პარასკევის, ბაირამის ლოცვა, მიმდინარეობს მოლაპარაკებები, ღმერთის დახმარებით ყველაფერი კარგად იქნება“, – ამბობს მერაბ მიქელაძე.
ერთი დღით ადრე, ადიგენის მუნიციპალიტეტში მცხოვრები მართლმადიდებლები აცხადებდნენ, რომ პარასკევს ადიგენში, მეჩეთადქცეულ სახლთან მისვლას გეგმავდნენ.
მოქალაქეთა ორგანიზება, მას შემდეგ დაიწყო, რაც გავრცელდა ინფორმაცია პარასკევის ტრადიციულ ლოცვაზე ხულოდან მუსლიმი მოსახლეობის ჩამოსვლის შესახებ.
10 აპრილს, ორივე მხარემ განაცხადა, რომ მზად არიან ცივილიზებულ ფორმატში მოლაპარაკებების გასაგრძელებლად. 5 აპრილს დაპირისპირებულ მხარეებს შორის პოლიციას მოუწია ჩადგომა.
მეჩეთადქცეული სახლის დათმობის სანაცვლოდ, რელიგიის სააგენტო მუსლიმ თემს ადიგენიდან რამდენიმე კილომეტრში, სოფელ იჯარეთში, მეჩეთის ასაშენებლად ან შენობის შესაძენად 50 ათას ლარამდე თანხას სთავაზობს. მერაბ მიქელაძემ რამდენიმე დღის წინ თქვა, რომ იჯარეთში მეჩეთის აშენებას ემხრობა, მაგრამ „სახლს რაც შეეხება, ვერავინ მაიძულებს გავყიდო“.
მუსლიმთა ლოცვის გასაპროტესტებლად დაბა ადიგენში 8 მარტსაც შეიკრიბნენ. მაშინ ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. „ესკალაციის თავიდან არიდების მიზნით", სახლთან მაშინაც მობილიზებული იყო პოლიცია.
მერაბ მიქელაძისგან პირობა მიიღეს, რომ ლოცვა არ ჩატარდებოდა, თუმცა პარასკევს ლოცვა მაინც გაიმართა. სწორედ ამ ფაქტმა განაპირობა მიქელაძის სახლთან ხალხის შეკრება.
ბოლო დროს მუსლიმ თემთან ორი შეხვედრა გაიმართა - ერთი მხარის გუბერნატორის ბესიკ ამირანაშვილის, ხოლო მეორე რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარის ზაზა ვაშაყმაძის ხელმძღვანელობით.