
მედია: "ჰამასი" აცხადებს, რომ გასაცვლელად 40 მძევლის პოვნას ვერ შეძლებს
10/04/2024 16:37:12 მსოფლიო
"ჰამასმა" ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებების დროს განაცხადა, რომ შესაძლო გაცვლისთვის 40 მძევლის პოვნას ვერ შეძლებს. CNN-ის ცნობით, მოლაპარაკებებზე, რომლებიც ეგვიპტისა და კატარის შუამავლობით მიმდინარეობს, შეთავაზებული იყო ღაზას სექტორში მყოფი 40 ისრაელელი მძევლის გაცვლა რამდენიმე ასეული პალესტინელზე, რომლებიც სასჯელს იხდიან ისრაელის ციხეებში.
მძევლებს შორის, რომელთა გაცვლაც შესთავაზეს, დასახელდნენ ქალები, ასევე მოხუცები, ავადმყოფები ან დაჭრილი მამაკაცები. თუმცა, "ჰამასმა" განაცხადა, რომ ვერ შეძლებს 40 ცოცხალი მძევლის პოვნას, რომლებიც აკმაყოფილებენ ამ კრიტერიუმებს.
CNN-ის წყაროებმა გამოთქვეს შეშფოთება, რომ მძევლებიდან ბევრი შეიძლება უკვე დაღუპული იყოს, ან თავად "ჰამასის" ოფიციალურმა პირებმა არ იციან, სად არიან ისინი. ამასთან, "ჰამასის" ტყვეობაში დარჩენილი მძევლების მნიშვნელოვანი ნაწილი საბრძოლო ასაკის მამაკაცია.
როგორც The Times Of Israel განმარტავს, ბოლო მოლაპარაკებებზე შეთავაზებული იყო სამეტაპიანი გეგმა. პირველ ეტაპზე "ჰამასს" უნდა გაეთავისუფლებინა სამოქალაქო მძევლები, ასევე მოხუცები და დაჭრილი მამაკაცები. საუბარი იყო 40 ადამიანზე. საპასუხოდ ისრაელი თითოეულ მძევალზე გადასცემდა 30 პალესტინელ პატიმარს, მათ შორის ქალებს, მოხუცებს და არასრულწლოვანებს. ქალი ჯარისკაცების გათავისუფლებისთვის ისრაელი თითოზე 50 პატიმარს დათმობდა: 30-ს სამუდამო პატიმრობა აქვს მისჯილი, ხოლო 20-ს უფრო ხანმოკლე პატიმრობა. ამავდროულად, ისრაელის არმია დაიხევდა ღაზას სექტორის აღმოსავლეთ მხარეს, რაც დაუბრკოლებლად გადაადგილებას უზრუნველყოფდა ჩრდილოეთიდან სამხრეთისაკენ და შეწყვეტდა საჰაერო თავდასხმებს.
მეორე ეტაპად "ჰამასს" შესთავაზეს პალესტინელი პატიმრების სანაცვლოდ მამაკაცი მძევლების გათავისუფლება (როგორც სამოქალაქო, ისე სამხედრო პირების). ეს ეტაპი გულისხმობს ცეცხლის სრულ შეწყვეტას და IDF-ის ჯარების გაყვანას ღაზას სექტორიდან.
მესამე ეტაპზე შეთავაზებული იყო ცხედრების გაცვლა, ისრაელის მიერ ღაზას სექტორის ბლოკადის დასრულება და სექტორში აღდგენითი სამუშაოების დაწყება.
ისრაელსა და "ჰამასს" შორის მოლაპარაკებები საერთაშორისო შუამავლობით, პირველ რიგში, არაბული ქვეყნების ჩართულობით მიმდინარეობს. მათმა ბოლო რაუნდმა შედეგი არ მოიტანა: 8 აპრილს "ჰამასმა" უარი თქვა ცეცხლის შეწყვეტის გეგმის მიღებაზე.