
ენმ-ის წევრ ლაშა ცანავას ბრალი წარედგინა, ადვოკატი პროცესს უსაფუძვლოს უწოდებს
10/04/2024 17:13:07 სამართალი
"ნაციონალური მოძრაობის" წევრს და პარტიის თავმჯდომარის თანაშემწეს ლაშა ცანავას პროკურატურამ ბრალი 2009 წლის ეპიზოდზე წარუდგინა. პროკურატურაში შესვლამდე ცანავამ ძიება პოლიტიკურად მოტივირებულად შეაფასა და თქვა, რომ მოწმის სტატუსით მხოლოდ ერთხელ – 2015 წელს გამოკითხა და მას შემდეგ არავინ შეხმიანებია ბოლო დრომდე.
ირკვევა, რომ მასთან ერთად ბრალი კიდევ 7 პირს წაუყენეს.
"ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების შემდეგ, 2009 წლის 15 ივნისს, თბილისის პოლიციის სამმართველოსთან მშვიდობიანი საპროტესტო აქციის მონაწილეების დარბევის ფაქტზე პროკურატურამ 8 პირის, მათ შორის ლ.ც.-ს მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო.
2010 წლიდან ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპულ სასამართლოში მიმდინარეობდა 2009 წლის 15 ივნისის აქციის მონაწილეების სარჩელების განხილვა. 2015 წელს აღნიშნულ საქმეებზე საქართველოს მთავრობამ ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპულ სასამართლოში წარადგინა დეკლარაციები და საბოლოოდ აღიარებული იქნა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის შესაბამისი მუხლებით გარანტირებული უფლებების საპროცესო დარღვევები და აიღო გამოძიების ჩატარების ვალდებულება, ამასთან გამოძიების მიმდინარეობაზე და აღსრულებაზე ზედამხედველობის კონტროლი დაევალა ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტს. აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე ეფექტიანი, ყოველმხრივი და ობიექტური გამოძიების წარმოების მიზნით, საქართველოს პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტში გადმოიგზავნა.
საქართველოს პროკურატურაში ჩატარებული მთელი რიგი საგამოძიებო მოქმედებების და მოპოვებული მტკიცებულებების შედეგად დადგინდა, რომ 2009 წლის 15 ივნისს, თბილისის მთავარი სამმართველოს ადმინისტრაციული შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე მშვიდობიანი საპროტესტო აქციის მიმდინარეობისას, სადაც დაახლოებით 150 პირი მონაწილეობდა, წინასწარ მობილიზებულმა შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა და მათ შორის ლ.ც.-მ, აქციის მონაწილეები ალყაში მოაქციეს, რეზინის ხელკეტების და სხვა საშუალებების გამოყენებით ფიზიკური დაზიანებები მიაყენეს და არ მისცეს გაქცევის შესაძლებლობა.
ასევე, შსს-ს თანამშრომლებმა მშვიდობიანი აქციის მონაწილეები ადმინისტრაციული წესით იმ საფუძვლით დააკავეს, თითქოს ისინი საზოგადოებრივ წესრიგს არღვევდნენ, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმები კი შსს-ს იმ თანამშრომლებმა გააფორმეს, რომლებიც აქციის მონაწილეების ადმინისტრაციული წესით დაკავებაში მონაწილეობას პირადად არ იღებდნენ.
აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებული გამოძიების შედეგად, დღეის მდგომარეობით სისხლისსამართლებრივი დევნა დაწყებულია 8 პირის მიმართ სსკ-ის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ (სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება ძალადობის გამოყენებით) ქვეპუნქტით და და 341 მუხლით.
საქმეზე გამოძიება გრძელდება დანაშაულში მონაწილე სხვა პირების დადგენის და მხილების მიზნით.
აქვე საზოგადოებას ვაცნობებთ, რომ დაწესებული ზედამხედველობის ფარგლებში, საქართველოს პროკურატურა ეტაპობრივად ახდენს ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის ინფორმირებას გამოძიების მიმდინარეობის და შედეგების თაობაზე, - იტყობინება პროკურატურა.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ იურისტის ლაშა ტყეშელაძის განცხადებით, ლაშა ცანავას ბრალდება უფლებამოსილების გადამეტების საფუძველზე წარედგინა. ხოლო თავად გამოძიება რამდენიმე პირის საჩივრის საფუძველზეა დაწყებული.
მისივე თქმით, დაზარალებულია ორი პირი.
„დადგენილებაში წერია უფლებამოსილების გადამეტება, რაც არის აბსურდი. საქმის მასალებიც გამოგვატანეს და შემიძლია ვთქვა, რომ ეს არის მაკულატურა. პროკურატურას მოვუწოდებ, ნუ დასდევს იმ ადამიანებს, რომლებიც მთელი ცხოვრება ემსახურებოდნენ საქართველოს, ბრალი წაუყენონ და გამოძიება დაიწყონ იმ ადამიანებზე, რომლებიც ნამდვილად კრიმინალები არიან და რომლებიც საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ მოქმედებენ.
სამართლებრივად საქმის მასალებში არ არსებობს არანაირი მტკიცებულება, რომ ლაშაზე რამე სახის გამოძიება დაწყებულიყო. 15 წლის შემდეგ დაწყებული გამოძიება პირდაპირ მიანიშნებს, რომ არის პოლიტიკური.
მტკიცებულების სტანდარტი არ არის სტანდარტი, რითაც შეიძლება მოხდეს ადამიანისთვის ბრალის წაყენება. ბრალის დადგენილებაში წერია, რომ არის უფლებამოსილების გადამეტება.
გამოძიება დაწყებულია რამდენიმე პირის საჩივარზე. პირველად 2015 წელს დაიბარეს ლაშა. ორი პირია დაზარალებული“,- განაცხადა ადვოკატმა.