Accentnews.ge
რუსეთმა უკრაინაზე მორიგი მასირებული შეტევა განახორციელა

რუსეთმა უკრაინაზე მორიგი მასირებული შეტევა განახორციელა

11/04/2024 05:10:34 მსოფლიო

რუსეთმა რაკეტებით და უპილოტო საფრენი აპარატებით უკრაინაზე მორიგი მასირებული შეტევა განახორციელა. უკრაინის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, ძირითადი სამიზნე ისევ ენერგოობიექტები იყო.

ხარკოვის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ცნობით, ქალაქ ხარკოვის და ოლქის კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტებზე სულ მცირე 10 დარტყმა იყო. ადგილობრივი მოსახლეობის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა. აფეთქებები იყო კიევის, ლვოვის და ზაპოროჟიეს ოლქებშიც.

უკრაინის ენერგეტიკის მინისტრ გერმან გალუშჩენკოს მიერ დილით გამოქვეყნებული ინფორმაციით, მოწინააღმდეგემ ხარკოვის, ზაპოროჟიეს, ლვოვის და კიევის ოლქებში შეუტია გენერაციის ობიექტებს და გადამცემ სისტემებს.

რუსეთის მორიგი თავდასხმის გამო უკრაინის თითქმის მთელ ტერიტორიაზე, მათ შორის დედაქალაქ კიევში საჰაერო განგაში გვიან ღამით გამოცხადდა და დილის შვიდ საათამდე გაგრძელდა. ამოქმედებული იყო საჰაერო თავდაცვის სისტემა.

უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკრაინის ოლქებს შეუტიეს დრონებით და ფრთოსანი და აერობალისტიკური რაკეტებით.

უკრაინაზე რუსეთის მასირებული სარაკეტო შეტევის გამო ზომების მიღება დასჭირდა უკრაინის მეზობელ, ნატოს წევრ პოლონეთს. შეიარაღებული ძალების სარდლობის ინფორმაციით, საჰაერო სივრცის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად საბრძოლო თვითმფრინავები გაგზავნეს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S