Accentnews.ge
რას ითვალისწინებს ევროპარლამენტის მიერ დამტკიცებული თავშესაფრისა და მიგრაციის რეფორმასთან დაკავშირებული დოკუმენტების პაკეტი

რას ითვალისწინებს ევროპარლამენტის მიერ დამტკიცებული თავშესაფრისა და მიგრაციის რეფორმასთან დაკავშირებული დოკუმენტების პაკეტი

11/04/2024 05:15:23 მსოფლიო

ევროპარლამენტმა თავშესაფრისა და მიგრაციის რეფორმასთან დაკავშირებული დოკუმენტების პაკეტი, მათ შორის ევროკომისიის მიერ ადრე მომზადებული ათივე საკანონმდებლო ინიციატივა დაამტიკიცა.

რას ითვალისწინებს დოკუმენტების პაკეტი

კანონპროექტები, რომლებზე მუშაობაც თითქმის 10 წლის განმავლობაში (2015 წლიდან) მიმდინარეობდა, სხვა საკითხებთან ერთად ითვალისწინებს თავშესაფრის მოთხოვნასთან დაკავშირებული პროცედურების დაჩქარებას. კერძოდ, ზოგიერთ შემთხვევაში, თავშესაფარზე უარის თქმის გადაწყვეტილება შეიძლება, მიღებულ იქნას განაცხადის შეტანისთანავე, პირდაპირ საზღვარზე.

სოლიდარობის მექანიზმი ითვალისწინებს ევროკავშირის სხვა ქვეყნებში თავშესაფრის მაძიებელ მიგრანტთა განაწილებას კვოტების შესაბამისად (არსებული კანონმდებლობის მიხედვით, ისინი უნდა დარჩნენ ევროკავშირის პირველ ქვეყანაში, სადაც შეძლეს მოხვედრა). თუ რომელიმე ქვეყანა უარს იტყვის ლტოლვილების მიღებაზე, მას მოუწევს, ფინანსური დახმარება გაუწიოს ევროკავშირის სხვა ქვეყნებს, რომლებიც მიიღებენ ლტოლვილებს.

როგორც ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ აღნიშნა, ახალი წესები იქნება „სამართლიანი“ მათ მიმართ, ვისაც აქვს თავშესაფრის უფლება და „მკაცრი“ მათ მიმართ, ვინც ხელს უწყობს არალეგალურ მიგრაციას.

რეფორმასთან დაკავშირებული დოკუმენტების პაკეტი ამოქმედებამდე უნდა დაამტკიცოს ევროკავშირის საბჭომ, ანუ ევროკავშირის წევრი ქვეყნების წარმომადგენლებმა.

რატომ აკრიტიკებენ მემარცხენე და ულტრამემარჯვენე პარტიები რეფორმას

შემოთავაზებულ რეფორმას აკრიტიკებენ როგორც მემარცხენე, ისე ულტრამემარჯვენე პარტიები, ასევე ევროკავშირის რიგი ქვეყნების ლიდერები, კერძოდ, პოლონეთის და უნგრეთის. მაშინ, როდესაც მემარცხენეების წარმომადგენლები ისევე, როგორც მრავალი უფლებადამცველი ორგანიზაცია, მათ შორის Amnesty International, აკრიტიკებენ რეფორმას ევროკავშირში თავშესაფრის მიღების პირობების გამკაცრებისა და არალეგალური მიგრანტების დეპორტაციის პროცედურის გამარტივებისთვის, მემარჯვენე პოპულისტები მიიჩნევენ, რომ ის არასაკმარისად მკაცრია მიგრანტების მიმართ. ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის რამდენიმე ქვეყნის წარმომადგენლები ასევე აკრიტიკებენ რეფორმით გათვალისწინებულ სოლიდარობის მექანიზმს იმ ქვეყნების მიმართ, რომლებიც ამჟამად ყველაზე მეტ მიგრანტს მასპინძლობენ, ისეთებისა, როგორიცაა იტალია, ესპანეთი და საბერძნეთი.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S