Accentnews.ge
USAID-ის ხელმძღვანელი: "უცხოური აგენტის მსგავსი კანონის ადგილი ევროპაში არ არის "

USAID-ის ხელმძღვანელი: "უცხოური აგენტის მსგავსი კანონის ადგილი ევროპაში არ არის "

10/04/2024 19:23:55 პოლიტიკა

USAID-ის ხელმძღვანელის, სამანტა პაუერის განცხადებით, რუსული კანონის ადგილი ევროპაში არ არის და გამოცდილება აჩვენებს, რომ ამგვარ კანონებს გავლენა აქვს კორუფციისადმი ანგარიშვალდებულებასა და სიტყვის თავისუფლებაზე. ამის შესახებ მან დღეს სენატის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის სხდომაზე ისაუბრა, სადაც ქართული ოცნების მიერ ხელახლა ინიციირებული კანონის საკითხი წამოიჭრა.

“ჩვენ ვიხილეთ, რომ რუსეთის უცხოეთის აგენტის კანონის კოპირებული ვერსიები მრავალ ადგილზე ჩნდება და მის შედეგები არის ნაკლები ანგარიშვალდებულება კორუფციაზე და სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა. რა თქმა უნდა, საქართველო ახლა დგას, ან ჩანს თითქოს დგას ევროპისკენ მიმავალ გზაზე და ამ ამბიციების გარკვეული აღიარება ცოტა ხნის წინ მიიღო. ფუნდამენტურად, უცხოური აგენტის მსგავსი კანონის ადგილი ევროპაში არ არის. ადამიანის უფლებები და დემოკრატიული პრინციპები უნდა იყოს არა მხოლოდ აღიარებული, არამედ ასევე – დაცულიც”, – განაცხადა მან „ამერიკის ხმის” ცნობით.რუსულ კანონზე დღეს სენატში განცხადება გააკეთა სენატორმა ბენ კარდინმაც. მან თქვა, რომ კანონთან დაკავშირებით ესაუბრა საქართველოს ელჩს და გაუზიარა შეშფოთება, რომ ამან, შესაძლოა, გავლენა იქონიოს საქართველოს ევროპაში ინტეგრაციაზე.

ცნობისთვის: „ქართულმა ოცნებამ“ 3 აპრილს გამოაცხადა, რომ კვლავ გეგმავს ე.წ. აგენტების კანონის ინიცირებას. ამ კანონის მიღების მცდელობამ 2023 წლის მარტში მასობრივი საპროტესტო აქციები გამოიწვია. საბოლოოდ, მმართველმა პარტიამ კანონპროექტი გაიწვია. კანონპროექტს შარშანდელი ვარიანტისგან მხოლოდ ის განასხვავებს, რომ ნაცვლად ტერმინისა „უცხოური გავლენის აგენტი“, გამოყენებულია ტერმინი „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია“. საქართველოს დასავლელი პარტნიორები - შეერთებული შტატები, ნატო, ევროკავშირი, ასევე ევროპის არაერთი ქვეყანა, პარლამენტს მოუწოდებენ, არ მიიღოს ეს კანონი. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „აგენტების კანონს“, მმართველი გუნდის მტკიცების საწინააღმდეგოდ, „რუსული კანონი“ უწოდა, ხოლო „ქართული ოცნების“ ხელისუფლება რუსული მიმართულების გატარებაში დაადანაშაულა. მმართველი პარტია კანონის საგაზაფხულო სესიის ბოლომდე - ივნისის ბოლო პარასკევამდე - მიღებას გეგმავს.

8 აპრილს პარლამენტის ბიუროს სხდომაზე ფრაქცია „ქართული ოცნების“ ინიცირებული კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ დარეგისტრირდა. კანონპროექტის განხილვა კომიტეტებში 15 აპრილს დაიწყება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S