
სუს-მა თავდაცვის მაღალჩინოსანი დააკავა
24/12/2019 13:28:36 სამართალი, თავდაცვა
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულმა სააგენტომ თავდაცვის სამინისტროს გენერალურ ინსპექციასთან თანამშრომლობით ქრთამის აღების ბრალდებით ერთი პირი დააკავა.
სუს–ის ინფორმაციით, ქრთამის აღების ფაქტზე დაკავებულია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდლობის VI საარტილერიო ბრიგადის შტაბის „S-3“-ის უფროსი ს.ბ.
"გამოძიებამ დაადგინა, რომ ს.ბ.-მ საქართველოს მოქალაქეს თავდაცვის სამინისტროში მუშაობის დაწყების, ფიზიკურ მომზადებაში ნორმატივის ჩაბარების და ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში საერთაშორისო მისიით მონაწილეობის მისაღებად გამგზავრების სანაცვლოდ ქრთამის სახით მოსთხოვა 2500 აშშ დოლარი, საიდანაც წინასწარ გამოართვა 1000 აშშ დოლარი. გამოძიება ქრთამის აღების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით 6- დან 9 წლამდე.) გამოძიებას აწარმოებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო“, - აღნიშნულია სუს–ის განცხადებაში.