
უკრაინა: რუსების მიერ გაშვებული 18 რაკეტა და 39 დრონი ჩამოვაგდეთ
11/04/2024 08:20:23 მსოფლიო
უკრაინელებმა რუსების მიერ გაშვებული 18 რაკეტა და 39 დრონი ჩამოაგდეს, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის საჰაერო ძალების მეთაური, ნიკოლაი ოლეშჩუკი ავრცელებს.
ნიკოლაი ოლეშჩუკის ცნობით, რუსებმა უკრაინის მიმართულებით სულ 82 რაკეტა და დრონი გაუშვეს.
„მადლობა ცის ყველა დამცველს, რომელმაც ოკუპანტების მორიგი ტერორისტული თავდასხმა მოიგერია. ერთად გამარჯვებამდე!“, - განაცხადა ნიკოლაი ოლეშჩუკმა.
უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის ცნობით, რუსეთის ჯარებმა 11 აპრილის გამთენიისას უკრაინაში 40-ზე მეტი რაკეტა და კიდევ 40 თავდასხმის თვითმფრინავი გაუშვეს:
„ჩვენ მოვახერხეთ ზოგიერთი რაკეტის და "შაჰიდის" ჩამოგდება. სამწუხაროდ, მხოლოდ ნაწილის. რუსმა ტერორისტებმა კვლავ დაარტყეს კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტებს. ხარკოვსა და ხარკოვის რეგიონზე მორიგი სარაკეტო შეტევა განხორციელდა. სხვა რეგიონების ობიექტებიც იყო სამიზნე: კიევი, ზაპოროჟიე, ოდესა და ლვოვი“.
მან ხაზი გაუსვა, რომ უკრაინის საჰაერო თავდაცვას დისკუსიების გარეშე სჭირდება მხარდაჭერა.
დღეს, რუსებმა უკრაინის ტერიტორიაზე მასიური საჰაერო შეტევა განახორციელეს. მათ სამიზნეს უკრაინის კრიტიკული ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა წარმოადგენდა.