
ვოლოდიმირ ზელენსკი ლიეტუვაში ჩავიდა
11/04/2024 09:49:04 მსოფლიო
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ლიეტუვაში ჩავიდა.
ზელენსკიმ მნიშვნელოვანი შეხვედრები და ორმხრივი შეთანხმებები დააანონსა.
„ლიეტუვაში „სამი ზღვის სამიტში“ მონაწილეობის მისაღებად და პარტნიორი სახელმწიფოების ლიდერებთან მოლაპარაკებების გასამართად ჩავედი. დაგეგმილია მნიშვნელოვანი შეხვედრები და უსაფრთხოების ახალი ორმხრივი შეთანხმება გაფორმდება“, - წერს უკრაინის პრეზიდენტი X-ზე.
მან ხაზი გაუსვა, რომ ამჟამად მთავარ ამოცანას უკრაინის საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერება წარმოადგენს:
„რუსული ბოროტება საფრთხეს არა მხოლოდ უკრაინას, არამედ რუსეთის მოსაზღვრე ყველა ქვეყანას უქმნის და ყველას, ვინც საერთაშორისო სამართალს აფასებს“.
დღეს რუსეთმა მორიგი მასირებული შეტევა მიიტანა უკრაინის ქალაქებზე. სამიზნე ენერგოინფრასტრუქტურა იყო. უკრაინელებმა გაშვებული რაკეტებისა და დრონების ნაწილი ჩამოყარეს. თავდასხმების ფონზე უკრაინის საჰაერო თავდაცვის გაძლიერება პრიორიტეტული საკითხია.