
ლაზარე გრიგორიადისის განაჩენი 12 აპრილს გამოცხადდება
11/04/2024 10:09:07 სამართალი, საზოგადოება
მარტის ცნობილი აქციებისას დაკავებული ლაზარე გრიგორიადისის განაჩენი ხვალ,12 აპრილს გამოცხადდება. ამის შესახებ გრიგორიადისის დედა, თამთა კალანდაძე იტყობინება.
მისი ინფორმაციით, განაჩენის გამოცხადება 10:00 საათზე იგეგმება.
ლაზარე გრიგორიადისს, რომელიც პოლიციამ 2023 წლის 29 მარტს ე.წ. აგენტების შესახებ კანონის მიღების საწინააღმდეგო აქციებისას პოლიციელზე თავდასხმისა და სხვისი ქონების განადგურების ბრალდებით დააკავა, ბრალი ოფიციალურად წინასწარი დაკავების იზოლატორში გასული წლის 30 მარტს წარუდგინეს. მარტის აქციების გამო დაკავებულ ახალგაზრდას ამ საქმის განხილვის პარალელურად 1,5-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს რამდენიმე წლის წინ მომხდარ ოჯახური ძალადობის ფაქტზე.
მისი ოჯახი და ადვოკატები იმედს იტოვებენ, რომ მას პრეზიდენტი შეიწყალებს. პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს შეწყალების უფლებით გამოყენება ახალი პარლამენტის არჩევამდე, ანუ 2024 წლის ოქტომბრამდე შეუძლია.