
ნეთანიაჰუ: ვინც თავს დაგვესხმება, დავარტყამთ, სხვა ფრონტებიდან გამოწვევებისთვის ვემზადებით
11/04/2024 12:56:20 მსოფლიო
ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ F-15-ის ტიპის გამანადგურებელი თვითმფრინავების ბაზაზე ვიზიტისას განაცხადა, რომ ისრაელმა მარტივი პრინციპი დააწესა – "ვინც თავს დაგვესხმება, დავარტყამთ". ეს პასუხი უნდა იყოს ირანის მუქარაზე.
„ჩვენ მზად ვართ, რომ ისრაელის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, როგორც თავდაცვითი, ისე თავდასხმითი თვალსაზრისით, ჩვენი პასუხისმგებლობა შევასრულოთ“, - ხაზგასმით თქვა ნეთანიაჰუმ.
მან აღნიშნა ვითარების სირთულე და ისიც, რომ ისრაელი "სხვა ფრონტებიდან გამოწვევებისთვის" ემზადება:
„ჩვენ რთულ პერიოდს გავდივართ. ღაზაში ომის შუაგულში ვართ, რომელიც მთელი ძალით მიმდინარეობს. გარდა ამისა, ჩვენი მძევლების დასაბრუნებლად დაუღალავ ძალისხმევას ვაგრძელებთ, მაგრამ ასევე სხვა ფრონტებიდან გამოწვევებისთვის ვემზადებით“.
მიუხედავად იმისა, რომ აშშ–ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ბენიამინ ნეთანიაჰუს ღაზას სექტორისადმი მიდგომას არ ეთანხმება, ამბობს, რომ ირანის საფრთხის წინააღმდეგ ისრაელის უსაფრთხოების ერთგული დარჩება:
"როგორც პრემიერ–მინისტრ ნეთანიაჰუს ვუთხარი, ჩვენი ერთგულება ისრაელის უსაფრთხოების მიმართ, ირანისა და მისი მარიონეტების საფრთხის წინააღმდეგ, არის რკინასავით მტკიცე. გავიმეორებ – რკინასავით მტკიცე!" – თქვა ბაიდენმა.
მანამდე ირანის უზენაესი ლიდერი აიათოლა ალი ხამენეი ისრაელს კიდევ ერთხელ დაემუქრა და თქვა, რომ ისინი "უნდა დაისაჯონ და დაისჯებიან კიდეც". ხამენეი ისრაელს დამასკოში ირანის საელჩოზე მიტანილი იერიშის გამო ემუქრება. ამ დარტყმას ირანის, მათ შორის, სამხედრო სტრუქტურის, ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ორი მაღალი რანგის გენერალი ემსხვერპლა.
ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი ისრაელ კაცი გამოვიდა გაფრთხილებით, რომ თუ თეირანი ისრაელის წინააღმდეგ იერიშს საკუთარი ტერიტორიიდან მიიტანს, საპასუხოდ ირანის ტერიტორიას დაარტყამენ.
აშშ-მ 10 აპრილს ანგარიში გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც, ირანის საპასუხო თავდასხმა ისრაელზე მხოლოდ დროის საკითხია და უახლოეს დღეებშია მოსალოდნელი.
11 აპრილს აშშ-ის ცენტრალური სარდლობის მეთაური, გენერალი მაიკლ კურილა ისრაელში ჩავიდა. მოსალოდნელია, რომ მაიკლ კურილა კონსულტაციებს გამართავს ისრაელის თავდაცვის მინისტრ იოავ გალანტთან და ისრაელის სხვა წარმომადგენლებთან.
აშშ-ს ცენტრალური სარდლობის ანგარიშის მიხედვით, აშშ-ს და ისრაელის თავდაცვის უწყებების წარმომადგენლებს შორის ბოლო კვირის მანძილზე კომუნიკაცია ძალიან ხშირია, რადგან ერთობლივად მუშაობენ ისრაელის უსაფრთხოების მყისიერ რისკებზე.