
ვიეტნამში ყველაზე მასშტაბური კორუფციული სკანდალის ფიგურანტს სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეს
11/04/2024 13:52:34 მსოფლიო
ჰოჩიმინის სასამართლომ ვიეტნამელი დეველოპერების Van Thinh Phat Group-ის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარეს ტრუონგ მაი ლანს სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა, იუწყება Reuters.
მას ბრალი ედებოდა ქრთამის მიცემაში, თანხის მითვისებასა და უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში.
პროკურატურის ინფორმაციით, მსხვილი დეველოპერული კომპანიის Van Thinh Phat-ის თავმჯდომარე 10 წლის განმავლობაში ითვისებდა ფულს SCB–ს ბანკიდან. ის დაადანაშაულეს სასესხო განაცხადების გაყალბებაში SCB-დან თანხის გამოსატანად, რომელშიც ის ფლობდა აქციების 90%-ს.
ქალი და მისი თანამზრახველები 2022 წელს დააკავეს. სასამართლო პროცესი მარტში დაიწყო. ბრალდებულის საქმიანობიდან მიყენებულმა ზარალმა შეადგინა 304 ტრილიონი დონგი (12,5 მილიარდი დოლარი).
ბრალი წაუყენეს კიდევ 85 ადამიანს, მათ შორის არიან ვიეტნამის ცენტრალური ბანკის ყოფილი თანამშრომლები, მთავრობის წარმომადგენლები და SCB-ის აღმასრულებლები. 78 ბრალდებული სასამართლო დარბაზში იყო წარმოდგენილი, დანარჩენები კვლავ ემალებიან მართლმსაჯულებას.
ვიეტნამის პოლიციამ დაადგინა თაღლითობის 42,000-ზე მეტი მსხვერპლი - ძირითადად ფასიანი ქაღალდების მფლობელები და SCB-ის მეანაბრეები, რომლებიც ვერც პროცენტს იღებენ თავიანთ დეპოზიტებზე და ვერც თანხას იბრუნებდნენ.
2012-2022 წლებში თაღლითების მიერ სავარაუდო მოპარული აქტივების მთლიანი რაოდენობა უდრის 2022 წლის ვიეტნამის მშპ-ს დაახლოებით 3%-ს.
ხელისუფლება ასევე აცხადებს, რომ ტრუონგ მაი ლანმა და ბანკირებმა გადასცეს $5.2 მილიონი ქრთამის სახით სახელმწიფო მოხელეებს დარღვევების და SCB-ის მძიმე ფინანსური მდგომარეობის დასამალად, რაც ყველაზე დიდი ქრთამია ვიეტნამის ისტორიაში.
მედიის ცნობით, 2021 წლიდან ვიეტნამში 4,4 ათასზე მეტი ადამიანია ბრალდებული ეკონომიკური დანაშაულის 1,7 ათასზე მეტ ეპიზოდში.