
როსტოვში დრონებით შეტევა იყო რაიონზე, სადაც ოლქში ერთადერთი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანაა
12/04/2024 07:54:17 მსოფლიო
რუსეთის როსტოვის ოლქში დრონებით შეტევა იყო რაიონზე, სადაც ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა მდებარეობს. ოლქის გუბერნატორი ვასილი გოლუბევი გამთენიისას სოციალურ ქსელში წერდა, რომ საჰაერო თავდაცვის ძალები უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევას იგერიებენ ნოვოშახტინსკის რაიონში.
დილით, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ შედეგების დაკონკრეტების გარეშე განაცხადა, რომ როსტოვის ოლქში გაანადგურეს თვითმფრინავის ტიპის 4 უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი.
ქალაქ ნოვოშახტინსკში მდებარეობს როსტოვის ოლქში ერთადერთი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა, რომელიც რუსეთის სამხრეთ რეგიონებისთვის ნავთობპროდუქტების უმსხვილესი მიმწოდებელია. ამ ქარხანაზე უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევა იყო 13 მარტს. გუბერნატორმა გოლუბევმა მაშინ განაცხადა, რომ ქარხნის ტერიტორიაზე დრონებით შეტევის შედეგად გაჩერდა „საწარმოს ტექნოლოგიური ობიექტები“.
როსტოვის ოლქზე უპილოტო საფრენი აპარატებით დღევანდელი შეტევის შესახებ უკრაინას ჯერ–ჯერობით არაფერი უთქვამს.
2024 წლის დასაწყისიდან რუსეთის სხვადასხვა რეგიონში უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევა იყო 20-მდე ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე. 2024 წლის მარტიდან რუსეთმა განაახლა ინტენსიური შეტევები უკრაინის ენერგოობიექტებზე.