
აშშ ჩინეთსა და თურქეთს მოუწოდებს, შეაკავონ ირანი რეგიონში ესკალაციისგან
12/04/2024 08:45:56 მსოფლიო
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა ჩინეთის, თურქეთისა და საუდის არაბეთის საგარეო საქმეთა მინისტრებს სატელეფონო საუბრისას მოუწოდა, დაარწმუნონ ირანი ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის ესკალაციისგან თავის შეკავების აუცილებლობაში. ამის შესახებ ჟურნალისტებს ხუთშაბათს, 11 აპრილს სახელმწიფო დეპარტამენტის პრესცენტრის ხელმძღვანელმა მეთიუ მილერმა განუცხადა.
მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ რეგიონში სიტუაციის გამწვავება "არავის ინტერესშია" და დასძინა, რომ ამ პრობლემის გადასაჭრელად ვაშინგტონი ურთიერთქმედებს დიპლომატიური არხებით და ევროპელ პარტნიორებთან.
1 აპრილს სირიის დედაქალაქ დამასკოში ირანის საკონსულოსთან ავიაიერიშის შედეგად 16 ადამიანი დაიღუპა. მათ შორის არიან ირანის ისლამური რევოლუციის გვარდიის კორპუსის (IRGC) ორი გენერალი, მოჰამად რეზა ზაჰედი და მოჰამად ჰადი ჰაჯა რაჰიმი. ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰოსეინ ამირ აბდოლაჰიანმა განაცხადა, რომ თეირანი ისრაელს აკისრებს პასუხისმგებლობას თავდასხმაზე და მომხდარს „ყველა საერთაშორისო კონვენციის დარღვევა“ უწოდა.
7 აპრილს ომანში ვიზიტის დროს ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელმა ვაშინგტონს გადასცა გზავნილი საკონსულოზე თავდასხმაზე პასუხის გარდაუვალობის შესახებ.
მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ თეირანი გეგმავს „რეგიონული შუამავლების“ ჩართვას, ამასთან, განმარტა, რომ საპასუხო ზომები იქნება „კონტროლირებადი“ და არ გამოიწვევს რეგიონში ესკალაციას.
თავის მხრივ, ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა ისრაელ კაცმა 10 აპრილს განაცხადა, რომ თუ ირანი თავს დაესხმება ისრაელს მისი ტერიტორიიდან, IDF ამას ირანის ტერიტორიაზე დარტყმებით უპასუხებს. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ 11 აპრილს გააფრთხილა, რომ მისი ქვეყანა უპასუხოდ არ დატოვებს თავდასხმას, საიდანაც არ უნდა მოდიოდეს ის.
მანამდე Blomberg იუწყებოდა, რომ შეერთებული შტატები და მისი მოკავშირეები ირანის საპასუხო დარტყმას ისრაელის წინააღმდეგ გარდაუვალად მიიჩნევენ. სააგენტოს ცნობით, პოტენციური თავდასხმა ზუსტი მართვადი რაკეტების გამოყენებით შეიძლება განხორციელდეს უახლოეს დღეებში.
ამ საფრთხის ფონზე ჯო ბაიდენი ისრაელს "რკინისებურ მხარდაჭერას" დაჰპირდა.