
"ყოფილ ცოლს სახე დაულეწა" – ომში მონაწილეობა რუსებისთვის სასჯელისგან გაქცევის მექანიზმად იქცა
12/04/2024 09:23:09 მსოფლიო
რუსეთის ფედერაციის სასამართლოებმა, სულ მცირე, 2 605 გადაწყვეტილება გამოიტანეს უკრაინის წინააღმდეგ ომიდან დაბრუნებული რუსების წინააღმდეგ, თუმცა თითოეულ შემთხვევაში ომში მონაწილეობა რეალური სასჯელის თავიდან არიდების საშუალებად იქცა.
როგორც Novaya Gazeta. Europe–ს ჟურნალისტებმა გაარკვიეს, 1130 ადამიანს ბრალი ედებოდა „სამოქალაქო“ დანაშაულში - დაწყებული საგზაო მოძრაობის წესების დარღვევიდან, დასრულებული მკვლელობით, ხოლო დანარჩენს - სამხედრო სამსახურის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულში, მათ შორის დანაყოფის უნებართვო მიტოვებაში. საქმეების ნახევარზე მეტში - 57% პროცენტში - სასამართლოებმა ომში მონაწილეობა შემამსუბუქებელ გარემოებად მიიჩნიეს და „სამოქალაქო“ საქმეებში ეს წილი გაცილებით მაღალი იყო.
ჟურნალისტებს მაგალითად მოჰყავთ "ვაგნერის" ყოფილი დაქირავებულის შემთხვევა, რომელმაც ყოფილი ცოლი ისე დაუნდობლად სცემა, რომ ქალს საავადმყოფოში ორი კვირის გატარება და ოპერაციის გაკეთება მოუწია სახის ჩამტვრეული ძვლების ტიტანის ფირფიტით ჩანაცვლებისთვის. მიუხედავად იმისა, რომ დაზარალებულმა მოახერხა სისხლის სამართლის საქმის აღძვრა, სასამართლომ მას შემდეგ, რაც მისმა ყოფილმა ქმარმა სხდომაზე წარადგინა მედლები „ბახმუტის აღებისთვის“, მოძალადეს მხოლოდ 5000 რუბლის ოდენობით ჯარიმა დააკისრა.
ომის მონაწილეთა მიერ ჩადენილი ერთ–ერთი ყველაზე გავრცელებული დანაშაული არის ნასვამ მდგომარეობაში მართვა და ნარკოტიკებით ვაჭრობა, აღნიშნავს – გამოცემა. ამავდროულად, სამხედროების 80%-მა მიიღო ჯარიმა ნასვამ მდგომარეობაში მართვისთვის, დანარჩენ რუსებს კი იძულებითი შრომა დაევალათ. გამოცემა წერს, რომ სამხედრო პერსონალი ასევე ორჯერ უფრო ხშირად იღებს სასჯელად მსუბუქ ჯარიმებს, ვიდრე სამოქალაქო პირი მიიღებდა ნარკოტიკებით ვაჭრობისთვის.
„ეს დაუწერელი წესი ვრცელდება თითქმის ყველა პოპულარულ სამხედრო დანაშაულზე - წვრილმანი მექრთამეობიდან საბრძოლო მასალის ვაჭრობამდე“, – დასძენენ ჟურნალისტები.
გამოცემის ცნობით, 2023 წელს ომის მონაწილეებთან მიმართებით სასჯელთა რაოდენობა შვიდჯერ გაიზარდა, ხოლო სიცოცხლისა და ჯანმრთელობის წინააღმდეგ ჩადენილი ძალადობრივი დანაშაულებების რაოდენობა – 13-ჯერ. ომის სულ მცირე 192 მონაწილეს ბრალი დასდეს ძალადობრივ დანაშაულში, – ნათქვამია მასალაში.
როგორც გამოცემა აღნიშნავს, ერთადერთი დანაშაული, რისთვისაც სამხედრო მოსამსახურეებს უფრო ხშირად უსჯიან რეალურ სასჯელებს, ვიდრე სამოქალაქო პირებს, ასაფეთქებელი ნივთიერებით ვაჭრობაა.
მედია ხშირად წერს ომიდან დაბრუნებული ყოფილი თუ მოქმედი სამხედროების მიერ ჩადენილ დანაშაულებზე, მათ შორისაა, სექსუალური ძალადობა ბავშვებზე, მკვლელობები, ადამიანების გატაცება.