
რუსებს ელექტრონიკის კუთხით პრობლემები აქვთ ჩინური ბანკების გამო
12/04/2024 10:04:24 მსოფლიო
ჩინური ბანკები მარტის მოლოდან ბლოკავენ რუსული კომპანიებისგან ფულის გადახდას, რომელიც ეხება ელექტრონიკის აწყობისთვის საჭირო კომპონენტებისა და მაკომპლექტებელი ნაწილების მიწოდების საფასურს,– იტყობინება რუსული "კომერსანტი" საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით.
წყაროები აღნიშნავენ, რომ ჩინეთთან ფულად ანგარიშსწორებასთან დაკავშირებული ჯერ კიდევ დეკემბერში წარმოქმნილი პირველი სირთულეები ძირითადად მზა პროდუქტებს ეხებოდა. ახლა კი პრობლემები შეიქმნა სერვერების, შენახვის სისტემებისა და ლეპტოპების კომპონენტების მიწოდებასთან დაკავშირებით. ექსპერტები აღნიშნავენ, რომ ჩინეთი რუსეთის მონოპოლიური მიმწოდებელია, ამიტომ, რუსულ კომპანიებს წარმოების მხრივ შეიძლება სერიოზული სირთულეები და შეფერხება შეექმნათ.
გადახდა დაუბლოკეს "იმ ორგანიზაციებისაც კი, რომლებმაც ხელი მოაწერეს გრძელვადიან კონტრაქტებს ელექტრონიკის ასაწყობად საჭირო კომპონენტების წარმოებისა და მიწოდების შესახებ", - უთხრა „კომერსანტს“ სააქციო საზოგადოება „სუვერენული მობილური ინიციატივის ჰოლდინგის“ დამაარსებელმა ალექსანდრ კალინინმა.
მისი თქმით, აპრილიდან პრობლემები წარმოიშვა კომპონენტებთან და კიტ-მაკომპლექტებლებთან (ის მოიცავს, კერძოდ, პროცესორებს, მოწყობილობის კორპუსებს და ეკრანებს) დაკავშირებით. "შიდა დეველოპერები, რომლებმაც შეუკვეთეს კომპონენტები ჩინეთიდან, ვერ დაიწყებენ თავიანთი პროდუქციის საბოლოო შეკრებას რუსეთში", - თქვა მან.
უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის საპასუხოდ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს ოფიციალურად ჩინეთი არ შეერთებია.