
უკრაინის სპეცსამსახურის ყოფილი ოფიცერი, რომელიც რუსებთან თანამშრომლობდა, მოსკოვში ააფეთქეს
12/04/2024 12:10:11 მსოფლიო
მოსკოვის ჩრდილოეთით Toyota Land Cruiser-ი აფეთქდა. წინასწარი მონაცემებით, ავტომანქანის ქვეშ ამოუცნობი მოწყობილობა იყო დამონტაჟებული.
ავტომობილი უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ყოფილ თანამშრომელს ვასილი პროზოროვს ეკუთვნის, წერს რუსული სახელმწიფო სააგენტო TASS ოპერატიულ სამსახურებზე დაყრდნობით. მანქანა აფეთქდა, როცა მან გასაღები გადაატრიალა.
Mash–ის ინფორმაციით, მძღოლს ქვედა კიდურები აქვს დაზიანებული და საავადმყოფოში გადაიყვანეს.
48 წლის პროზოროვი მუშაობდა უკრაინის უსაფრთხოების სამსახურში კონსულტანტ-ექსპერტად ანტიტერორისტულ შტაბში 1999 წლიდან 2018 წლამდე, – წერს Mash. 2014 წლიდან მან დაიწყო თანამშრომლობა რუსეთის სადაზვერვო სამსახურებთან, როგორც თავად ამტკიცებდა, „ნებაყოფლობით იდეოლოგიური მიზეზების გამო“. 112 აღნიშნავს, რომ პროზოროვზე თავდასხმა დაგეგმილი იყო დაახლოებით ერთი წლის წინ, როდესაც ის ბერდიანსკში ცხოვრობდა.