
დიდი ბრიტანეთი უკრაინას საბრძოლო ლაზერს გადასცემს დრონების გასანადგურებლად
12/04/2024 12:42:48 მსოფლიო
დიდ ბრიტანეთს სურს, დააჩქაროს შორი მანძილის ლაზერული იარაღის DragonFire-ის ექსპლუატაციაში ჩაშვება, რათა ის გადაიტანოს უკრაინაში, განაცხადა ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელმა გრანტ შაპსმა. მისი თქმით, კომპლექსის განთავსება 2027 წელს იგეგმება, თუმცა უწყება შეეცდება, დაჩქარდეს ეს პროცესი.
”გადავწყვიტე, დავაჩქარო DragonFire ლაზერული სისტემის წარმოება, რადგან ორი ძირითადი კონფლიქტის გათვალისწინებით, ერთი ზღვაზე (ჰუთების თავდასხმები წითელ ზღვაში) და მეორე ევროპაში (ომი უკრაინაში),
შეიძლება ჰქონდეს უზარმაზარი შედეგები, თუ გამოჩნდება იარაღი, რომელსაც შეუძლია, კერძოდ, გაანადგუროს დრონები“, - ციტირებს Independent-ს მინისტრის სიტყვებს.მინისტრმა აღნიშნა, რომ „დიდი ფანტაზია არ არის საჭირო იმის გასაგებად, თუ როგორ შეიძლება ეს (იარაღები) სასარგებლო იყოს, მაგალითად, უკრაინაში“.
მინისტრი ასევე თვლის, რომ "არ არის აუცილებელი, DragonFire 100% სრულყოფილი იყოს", რომ უკრაინელებმა ის მიიღონ. DragonFire სისტემა, რომელიც ანადგურებს სამიზნეებს ლაზერის სხივით და შეუძლია რადიოსიხშირული დარტყმების განხორციელება, ბრიტანელი სამხედროები მომავალ თვეში გამოცდიან ოპერატიული განლაგებისთვის მზადების ფარგლებში.
მეცნიერები ამბობენ, რომ DragonFire საკმაოდ ზუსტი იარაღია: მას შეუძლია მონეტის ზომის მიზანს დაარტყას ერთი კილომეტრის მანძილზე, ამასთან, მას შეუძლია კავშირის და ელექტროენერგიის გათიშვა.
კომპლექსი ადაპტირებულია ხმელეთზე, ასევე გემებსა და თვითმფრინავებზე განლაგებისთვის. გარდა ამისა, მსგავსი იარაღი უზარმაზარი ეკონომიის საშუალებას იძლევა: ერთი გასროლა ეღირება 12 ევროზე ნაკლები, რაც მნიშვნელოვნად იაფია, ვიდრე 1,7 მილიონი ევროს რაკეტები, რომლებიც გამოიყენება დრონების ჩამოგდებაზე, – წერს გამოცემა.
ერთი თვის წინ დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრომ სოციალურ ქსელ X-ზე გამოაქვეყნა შორი მანძილის ლაზერული იარაღის DragonFire-ის იანვრის ტესტების ჩანაწერი. გრაფიკა, რომელიც ვიდეოში იყო წარმოდგენილი, იმიტირებულია და აჩვენებს თუ როგორ აყირავებს სამხედრო ხომალდზე დაყენებული ლაზერი ნავს, აბრმავებს ერთ უპილოტო საფრენ აპარატს და აგდებს მეორეს. შემდეგ Newsweek-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ბრიტანეთის ხელისუფლება ჯერ არ აპირებდა კომპლექსის უკრაინისთვის გადაცემას.