ისრაელი საჰაერო სივრცეს ხურავს

14-04-2024 01:12:40 მსოფლიო

ისრაელის აეროპორტების ადმინისტრაცია აცხადებს, რომ ისრაელის საჰაერო სივრცე ადგილობრივი დროით 12:30 საათიდან დაიხურება. თუ როდის განახლდება ფრენები, უცნობია.

შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ, ირანმა ისრაელზე თავდასხმა დაიწყო და დრონები გაუშვა. ინფორმაცია ოფიციალურად დაადასტურა ირანის თავდაცვის უწყებამ.

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი თეთრ სახლში ეროვნული უსაფრთხოების გუნდს შეხვდება, რათა განიხილოს ირანის მიერ ისრაელზე მიმდინარე დარტყმა. ინფორმაციას ამის შესახებ თეთრი სახლი ავრცელებს.

„მისი გუნდი მუდმივ კომუნიკაციაშია ისრაელის ოფიციალურ პირებთან, ასევე სხვა პარტნიორებთან და მოკავშირეებთან. ეს თავდასხმა, სავარაუდოდ, რამდენიმე საათში განვითარდება. ბაიდენმა მკაფიოდ თქვა: ჩვენი მხარდაჭერა ისრაელის უსაფრთხოების მიმართ არის რკინისებრი. აშშ დადგება ისრაელის ხალხის გვერდით და მხარს დაუჭერს მათ დაცვას ირანის ამ საფრთხეებისგან”, – ნათქვამია თეთრი სახლის განცხადებაში.

ისრაელის თავდაცვის ძალების სპიკერის დანიელ ჰაგარის განცხადებით, ირანიდან გაშვებულია ათობით უპილოტო საფრენი აპარატი, რომლებიც ისრაელისკენ მიემართება.

ჰაგარიმ განაცხადა, რომ ისრაელის საჰაერო ძალები დრონებს თვალყურს ადევნებენ და აღნიშნა, რომ უპილოტო საფრენი აპარატების ისრაელამდე მისვლას რამდენიმე საათი დასჭირდება.

ისრაელის თავდაცვის ძალების სპიკერი თქმით, რაიმე დამატებითი დეტალის შესახებ თუ გახდება ცნობილი, ისრაელის თავდაცვის ძალები აცნობებენ მოსახლეობას.

შეგახსენებთ, რომ ირანის მხრიდან თავდასხმის საფრთხის ფონზე, დღეს ისრაელმა ყველა საგანმანათლებლო დაწესებულების საქმიანობა აკრძალა და სხვადასხვა სახის შეკრებებზე შეზღუდვები დააწესა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები