ირანი ისრაელს აფრთხილებს: თუ ისრაელი ამ დარტყმებს უპასუხებს, ჩვენი პასუხი უფრო ძლიერი და გადამწყვეტი იქნება

14-04-2024 10:50:13 მსოფლიო

ირანი, რომელმაც ბოლო 24 საათში ისრაელზე მასშტაბური საჰაერო თავდასხმა განახორციელა, ისრაელს აფრთხილებს.

"თუ ისრაელი ამ დარტყმებს უპასუხებს, ჩვენი პასუხი უდავოდ, უფრო ძლიერი და გადამწყვეტი იქნება. ირანის ისლამური რესპუბლიკა არ დააყოვნებს გამოიყენოს თავდაცვის უფლება, როცა ეს საჭიროა", – განაცხადა გაერო–ში ირანის ელჩმა ამირ საიდ ირავანმა.

მისი თქმით, "ირანის დარტყმები იყო პასუხი ისრაელის მიერ დამასკოში მდებარე ირანის დიპლომატიურ ობიექტზე განხორციელებულ თავდასხმაზე".

ცნობისთვის: 14 აპრილს ევროპის დროით დაახლოებით 1.45 საათიდან ისრაელში დაიწყო საჰაერო განგაშის მაუწყებელი სირენების ხმა. ირანიდან გაშვებული უპილოტო საფრენი აპარატები და რაკეტები ისრაელის საჰაერო სივრცეში შევიდნენ.

ირანიდან გაშვებულ დრონებს ისრაელამდე მიღწევისთვის რამდენიმე საათი სჭირდებათ.

გავრცელებული ინფორმაციით, ახლო აღმოსავლეთში ბაზებზე განთავსებული აშშ-ის საჰაერო ძალების თვითმფრინავები, ასევე ბრიტანეთისა და იორდანიის საჰაერო ძალები ისრაელისკენ მიმართული დრონების მოგერიებაში მონაწილეობდნენ.

  • ისრაელის სასწრაფო დახმარების სამსახურის ცნობით, ირანის დარტყმებს მსხვერლი არ მოჰყოლია. მისი ცნობით, 7 წლის გოგონა სერიოზულად დაშავდა ჩამოგდებული რაკეტის ნამსხვრევებით. გარდა ამისა, მსუბუქადაა დაშავებული 31 ადამიანი. მათ ნაწილს დახმარება პანიკური შეტევების გამო დასჭირდა.

ისრაელსა და ირანს შორის ურთიერთობა უკიდურესად დაიძაბა მას შემდეგ, რაც ირანული მედიის ინფორმაციით, 1 აპრილს ისრაელმა ავიადარტყმა განახორციელა დამასკოში მდებარე ირანის საკონსულოს შენობაზე, რის შედეგადაც „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ შვიდი წევრი დაიღუპა. ირანის ცნობით, თავდასხმისას დაღუპულებს შორის არიან ირანის საგანგებო დანიშნულების რაზმების, ყუდსის ძალების ერთ-ერთი მეთაური, ბრიგადის გენერალი მოჰამედ რეზა ზაჰედი, მისი მოადგილე, ბრიგადის გენერალი მოჰამედ ჰადი რაჰიმი და მათი ხუთი კოლეგა. სირიაში მომხდარის გამო თეირანი საპასუხო ზომებით დაიმუქრა. ირანის მხრიდან შესაძლო საავიაციო იერიშების შესახებ ბოლო დღეებში უამრავი მედიასაშუალება წერდა.

დღეს ისრაელის თავდაცვის ძალების სპიკერმა დანიელ ჰაგარიმ განაცხადა, რომ ირანის მიერ გამოყენებული 300-ზე მეტი დრონისა და რაკეტის 99% განეიტრალებულია.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები