Accentnews.ge
ისრაელის სასწრაფო დახმარების სამსახური: ირანის დარტყმებს მსხვერლი არ მოჰყოლია, დაშავებულია 32 პირი, მათ შორის 7 წლის გოგონას ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა

ისრაელის სასწრაფო დახმარების სამსახური: ირანის დარტყმებს მსხვერლი არ მოჰყოლია, დაშავებულია 32 პირი, მათ შორის 7 წლის გოგონას ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა

14/04/2024 07:05:22 მსოფლიო

ისრაელის სასწრაფო დახმარების სამსახურის ცნობით, ბოლო 24 საათში ირანის მიერ ისრელზე განხორციელებულ დარტყმებს მსხვერლი არ მოჰყოლია. მისი ინფორმაციით, დაშავებულია 32 პირი.

როგორც სასწრაფო დახმარების სამსახურში აცხადებენ, 7 წლის გოგონა სერიოზულად დაშავდა ჩამოგდებული რაკეტის ნამსხვრევებით. გარდა ამისა, მსუბუქადაა დაშავებული 31 ადამიანი. მათ ნაწილს დახმარება პანიკური შეტევების გამო დასჭირდა.

ცნობისთვის: 14 აპრილს ევროპის დროით დაახლოებით 1.45 საათიდან ისრაელში დაიწყო საჰაერო განგაშის მაუწყებელი სირენების ხმა. ირანიდან გაშვებული უპილოტო საფრენი აპარატები და რაკეტები ისრაელის საჰაერო სივრცეში შევიდნენ.

ირანიდან გაშვებულ დრონებს ისრაელამდე მიღწევისთვის რამდენიმე საათი სჭირდებათ.

გავრცელებული ინფორმაციით, ახლო აღმოსავლეთში ბაზებზე განთავსებული აშშ-ის საჰაერო ძალების თვითმფრინავები, ასევე ბრიტანეთისა და იორდანიის საჰაერო ძალები ისრაელისკენ მიმართული დრონების მოგერიებაში მონაწილეობდნენ.

ისრაელსა და ირანს შორის ურთიერთობა უკიდურესად დაიძაბა მას შემდეგ, რაც ირანული მედიის ინფორმაციით, 1 აპრილს ისრაელმა ავიადარტყმა განახორციელა დამასკოში მდებარე ირანის საკონსულოს შენობაზე, რის შედეგადაც „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ შვიდი წევრი დაიღუპა. ირანის ცნობით, თავდასხმისას დაღუპულებს შორის არიან ირანის საგანგებო დანიშნულების რაზმების, ყუდსის ძალების ერთ-ერთი მეთაური, ბრიგადის გენერალი მოჰამედ რეზა ზაჰედი, მისი მოადგილე, ბრიგადის გენერალი მოჰამედ ჰადი რაჰიმი და მათი ხუთი კოლეგა. სირიაში მომხდარის გამო თეირანი საპასუხო ზომებით დაიმუქრა. ირანის მხრიდან შესაძლო საავიაციო იერიშების შესახებ ბოლო დღეებში უამრავი მედიასაშუალება წერდა.

დღეს ისრაელის თავდაცვის ძალების სპიკერმა დანიელ ჰაგარიმ განაცხადა, რომ ირანის მიერ გამოყენებული 300-ზე მეტი დრონისა და რაკეტის 99% განეიტრალებულია.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S