
ისრაელმა, იორდანიამ და ერაყმა საჰაერო სივრცე გახსნეს
14/04/2024 07:28:26 მსოფლიო
ისრაელის აეროპორტების გაერთიანების ცნობით, ქვეყანა საჰაერო სივრცეს ადგილობრივი დროით 07:30 საათიდან კვლავ გახსნის.
საჰაერო სივრცის გახსნის შესახებ განაცხადეს იორდანიამ და ერაყმაც. ორივე ქვეყანამ საჰაერო სივრცე მას შემდეგ დახურა, რაც ირანმა ისრაელზე მასშტაბური საჰაერო თავდასხმა განახორციელა.
ცნობისთვის: 14 აპრილს ევროპის დროით დაახლოებით 1.45 საათიდან ისრაელში დაიწყო საჰაერო განგაშის მაუწყებელი სირენების ხმა. ირანიდან გაშვებული უპილოტო საფრენი აპარატები და რაკეტები ისრაელის საჰაერო სივრცეში შევიდნენ.
ირანიდან გაშვებულ დრონებს ისრაელამდე მიღწევისთვის რამდენიმე საათი სჭირდებათ.
გავრცელებული ინფორმაციით, ახლო აღმოსავლეთში ბაზებზე განთავსებული აშშ-ის საჰაერო ძალების თვითმფრინავები, ასევე ბრიტანეთისა და იორდანიის საჰაერო ძალები ისრაელისკენ მიმართული დრონების მოგერიებაში მონაწილეობდნენ.
- ისრაელის სასწრაფო დახმარების სამსახურის ცნობით, ირანის დარტყმებს მსხვერლი არ მოჰყოლია. მისი ცნობით, 7 წლის გოგონა სერიოზულად დაშავდა ჩამოგდებული რაკეტის ნამსხვრევებით. გარდა ამისა, მსუბუქადაა დაშავებული 31 ადამიანი. მათ ნაწილს დახმარება პანიკური შეტევების გამო დასჭირდა.
ისრაელსა და ირანს შორის ურთიერთობა უკიდურესად დაიძაბა მას შემდეგ, რაც ირანული მედიის ინფორმაციით, 1 აპრილს ისრაელმა ავიადარტყმა განახორციელა დამასკოში მდებარე ირანის საკონსულოს შენობაზე, რის შედეგადაც „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ შვიდი წევრი დაიღუპა. ირანის ცნობით, თავდასხმისას დაღუპულებს შორის არიან ირანის საგანგებო დანიშნულების რაზმების, ყუდსის ძალების ერთ-ერთი მეთაური, ბრიგადის გენერალი მოჰამედ რეზა ზაჰედი, მისი მოადგილე, ბრიგადის გენერალი მოჰამედ ჰადი რაჰიმი და მათი ხუთი კოლეგა. სირიაში მომხდარის გამო თეირანი საპასუხო ზომებით დაიმუქრა. ირანის მხრიდან შესაძლო საავიაციო იერიშების შესახებ ბოლო დღეებში უამრავი მედიასაშუალება წერდა.
დღეს ისრაელის თავდაცვის ძალების სპიკერმა დანიელ ჰაგარიმ განაცხადა, რომ ირანის მიერ გამოყენებული 300-ზე მეტი დრონისა და რაკეტის 99% განეიტრალებულია.
ახალი ამბები
ახალი ამბები
შემოგვიერთდით
2021