Accentnews.ge
მედია: ისრაელს ირანის თავდასხმაზე საპასუხო ნაბიჯების შესახებ საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ–ჯერობით არ მიუღია

მედია: ისრაელს ირანის თავდასხმაზე საპასუხო ნაბიჯების შესახებ საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ–ჯერობით არ მიუღია

15/04/2024 05:20:49 მსოფლიო

ისრაელის სამხედრო კაბინეტი რამდენიმე საათის განმავლობაში მსჯელობდა, როგორ უნდა უპასუხოს ისრაელის სახელმწიფომ ირანის შეტევას. ადგილობრივი და დასავლეთის მედიასაშუალებების ცნობით, 14 აპრილს, ღამით დასრულებულ სხდომაზე საბოლოო გადაწყვეტილება არ მიუღიათ.

CNN-ის ინფორმაციით, ისრაელის ხელისუფლება ირანისთვის პასუხის გაცემას აპირებს, თუმცა მასშტაბი და ვადები ჯერ არ განუსაზღვრავს. ისრაელის მედიასაშუალებების ინფორმაციით, სამხედრო კაბინეტი მომდევნო სხდომას უახლოეს ხანში გამართავს.

ამერიკელი ოფიციალური პირების თანახმად, შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს მოუწოდა, საპასუხო ზომები დეტალურად გაიაზრონ და გააფრთხილა, რომ აშშ არ მიიღებს მონაწილეობას ირანზე საპასუხო დარტყმაში.

14 აპრილს ნიუ-იორკში გაეროს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომა გაიმართა. ისრაელის მუდმივმა წარმომადგენელმა გილად ერდანმა განაცხადა, რომ ირანი უნდა შეაჩერონ, სანამ მსოფლიოს არ მიიყვანს რეგიონული მასშტაბის ომამდე, რომლიც შესაძლოა, მსოფლიო ომში გადაიზარდოს. ერდანმა საბჭოს მოუწოდა, ტერორისტული ორგანიზაციების სიაში შეიყვანოს "ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კოპრუსი".

ირანის მუდმივმა წარმომადგენელმა გაეროში ამირ საიდ ირავანიმ განაცხადა, რომ თეირანის მიზანი არ არის ესკალაცია და ომი, მხოლოდ თავდაცვის უფლებას იყენებენ და მზად არიან ნებისმიერ მუქარას, ან აგრესიას უპასუხონ.

ცნობისთვის: 14 აპრილს ევროპის დროით დაახლოებით 1.45 საათიდან ისრაელში დაიწყო საჰაერო განგაშის მაუწყებელი სირენების ხმა. ირანიდან გაშვებული უპილოტო საფრენი აპარატები და რაკეტები ისრაელის საჰაერო სივრცეში შევიდნენ.

ირანიდან გაშვებულ დრონებს ისრაელამდე მიღწევისთვის რამდენიმე საათი სჭირდებათ.

გავრცელებული ინფორმაციით, ახლო აღმოსავლეთში ბაზებზე განთავსებული აშშ-ის საჰაერო ძალების თვითმფრინავები, ასევე, საფრანგეთის ბრიტანეთისა და იორდანიის საჰაერო ძალები ისრაელისკენ მიმართული დრონების მოგერიებაში მონაწილეობდნენ.

ისრაელის სასწრაფო დახმარების სამსახურის ცნობით, ირანის დარტყმებს მსხვერლი არ მოჰყოლია. მისი ცნობით, 7 წლის გოგონა სერიოზულად დაშავდა ჩამოგდებული რაკეტის ნამსხვრევებით. გარდა ამისა, მსუბუქადაა დაშავებული 31 ადამიანი. მათ ნაწილს დახმარება პანიკური შეტევების გამო დასჭირდა.

ისრაელსა და ირანს შორის ურთიერთობა უკიდურესად დაიძაბა მას შემდეგ, რაც ირანული მედიის ინფორმაციით, 1 აპრილს ისრაელმა ავიადარტყმა განახორციელა დამასკოში მდებარე ირანის საკონსულოს შენობაზე, რის შედეგადაც „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ შვიდი წევრი დაიღუპა. ირანის ცნობით, თავდასხმისას დაღუპულებს შორის არიან ირანის საგანგებო დანიშნულების რაზმების, ყუდსის ძალების ერთ-ერთი მეთაური, ბრიგადის გენერალი მოჰამედ რეზა ზაჰედი, მისი მოადგილე, ბრიგადის გენერალი მოჰამედ ჰადი რაჰიმი და მათი ხუთი კოლეგა. სირიაში მომხდარის გამო თეირანი საპასუხო ზომებით დაიმუქრა. ირანის მხრიდან შესაძლო საავიაციო იერიშების შესახებ ბოლო დღეებში უამრავი მედიასაშუალება წერდა.

14 აპრილს ისრაელის თავდაცვის ძალების სპიკერმა დანიელ ჰაგარიმ განაცხადა, რომ ირანის მიერ გამოყენებული 300-ზე მეტი დრონისა და რაკეტის 99%გაანეიტრალეს. მოგვიანებით, ირანმა განაცხადა, რომ "ოპერაცია დასრულებულია", თუმცა აღნიშნა, რომ "თუ ისრაელი საპასუხო ნაბიჯს გადადგამს, ირანის შემდეგი ოპერაცია გაცილებით მასშტაბური იქნება“.

ამასთან, ირანი საპასუხო თავდასხმის შემთხვევაში აშშ-ს ბაზებზე შეტევით იმუქრება. ირანის შეიარაღებული ძალების გენშტაბის უფროსი სარდარ ბაგერი აცხადებს, რომ ირანმა შეერთებულ შტატებს შეტყობინება შვეიცარიის საელჩოს მეშვეობით გაუგზავნა და გააფრთხილა ვაშინგტონი, რომ თუ ის ითანამშრომლებს ისრაელთან მათ შესაძლო შემდგომ ქმედებებთან დაკავშირებით, ამერიკული ბაზების უსაფრთხოება დაცული ვერ იქნება.

ისრაელზე თავდასხმა მსოფლიოს არაერთმა ქვეყანამ დაგმო.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S