
"აგენტების" შესახებ კანონპროექტს თბილისის გარდა, რეგიონებშიც აპროტესტებენ
15/04/2024 11:31:32 პოლიტიკა, საზოგადოება
"აგენტების" შესახებ კანონპროექტს თბილისის გარდა, რეგიონებშიც აპროტესტებენ. კერძოდ, დღეს იმართება აქციები თბილისში, ბათუმში, ქუთაისსა და თელავში.
კანონპროექტის გასაპროტესტებლად სამოქალაქო და მედიაორგანიზაციების წარმომადგენლები, აქტივისტები და სხვადასხვა პროფესიის ადამიანები ქუთაისში მერიის შენობასთან შეიკრიბნენ პლაკატებით, რომლებზეც არის შემდეგი წარწერა: „არა რუსულ კანონს!“.
"არა რუსულ კანონს", – ამსახელწოდებით აქცია თელავშიც იმართება. თელავის მერიის მიმდებარე ტერიტორიაზე არასამთავრობო სექტორის და მედიის წარმომადგენლები შეიკრიბნენ და აცხადებენ, რომ მთავრობის ეს ქმედება საქართველოს ევროპისგან აშორებს.
საპროტესტო აქცია ბათუმშიც იმართება. შოთა რუსთაველის უნივერსიტეტთან სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტები და პროფესორ-მასწავლებლები შეიკრიბნენ. სტუდენტები ბათუმში ევროპის მოედნისკენ მსვლელობით აპირებენ წასვლას.
"ვერ წაგვართმევთ ევროპულ მომავალს", "არა რუსულ კანონს", "ვინც რუსულ საქმეს აკეთებს, საქართველოს მტერია", "ვერ წაგვართმევთ ევროპულ განათლებას" - ამ შინაარსის პლაკატებით ახალგაზრდები კანონპროექტს აპროტესეტებენ.
ცნობისთვის: პარლამენტმა "აგენტების" შესახებ კანონპროექტის განხილვა დღეიდან დაიწყო.
სამოქალაქო ორგანიზაციების ორგანიზებით განხილვის პარალელურად, აქცია იმართება.
აქცია სახელწოდებით „არა რუსულ კანონს“ პარლამენტის შენობასთან დილიდან მიმდინარეობს, რომელსაც, მათ შორის სტუდენტებიც შეუერთდნენ. ასევე, აქცია არის ჩანიშნული პარლამენტის წინ 19:00 საათზე.
„ქართულმა ოცნებამ“ 3 აპრილს გამოაცხადა, რომ კვლავ გეგმავს ე.წ. აგენტების კანონის ინიციირებას. ამ კანონის მიღების მცდელობამ 2023 წლის მარტში მასობრივი საპროტესტო აქციები გამოიწვია. საბოლოოდ, მმართველმა პარტიამ კანონპროექტი გაიწვია. კანონპროექტს შარშანდელი ვარიანტისგან მხოლოდ ის განასხვავებს, რომ ნაცვლად ტერმინისა „უცხოური გავლენის აგენტი“, გამოყენებულია ტერმინი „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია“. საქართველოს დასავლელი პარტნიორები - შეერთებული შტატები, ნატო, ევროკავშირი, ასევე ევროპის არაერთი ქვეყანა, პარლამენტს მოუწოდებენ, არ მიიღოს ეს კანონი. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „აგენტების კანონს“, მმართველი გუნდის მტკიცების საწინააღმდეგოდ, „რუსული კანონი“ უწოდა, ხოლო „ქართული ოცნების“ ხელისუფლება რუსული მიმართულების გატარებაში დაადანაშაულა. მმართველი პარტია კანონის საგაზაფხულო სესიის ბოლომდე - ივნისის ბოლო პარასკევამდე - მიღებას გეგმავს.
8 აპრილს პარლამენტის ბიუროს სხდომაზე ფრაქცია „ქართული ოცნების“ ინიცირებული კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ დარეგისტრირდა.
ამავე თემაზე: „ქართულმა ოცნებამ“ „საფრთხედ“ დასავლეთი მონიშნა?