
ნანა მალაშხია საჯარო მოხელეებს მიმართავს: მე, საჯარო მოხელე, თქვენთან ერთად სამსახურის შემდეგ ისევ ქვეყნის სამსახურში, ევროპული მომავლისთვის ბრძოლაში პარლამენტთან ვიქნები
15/04/2024 09:41:30 ციტატა
"ჩვენ ქვეყანას ბევრი კეთილსინდისიერი, პატრიოტი, ევროპული მომავლის მხარდამჭერი საჯარო მოხელე ყავს, რომლებიც თავიანთი შრომითა და ცოდნით, ერთგულად ემსახურებიან სამშობლოს. საჯარო მოხელეებო, მე, საჯარო მოხელე, თქვენთან ერთად, სამსახურის მერე, ისევ ქვეყნის სამსახურში, ევროპული მომავლისთვის ბრძოლაში, პარლამენტთან 19:00 ზე. კი ევროპას! არა რუსულ კანონს!", – ამის შესახებ წერს გასული წლის მარტის აქციების მონაწილე "ქალი ევროკავშირის დროშით" ნანა მალაშხია სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის: პარლამენტმა "აგენტების" შესახებ კანონპროექტის განხილვა დღეიდან დაიწყო. კომიტეტის სხდომაზე პერიოდულად ხმაურია.
სამოქალაქო ორგანიზაციების ორგანიზებით განხილვის პარალელურად, აქცია იმართება. აქცია სახელწოდებით „არა რუსულ კანონს“ პარლამენტის შენობასთან დილიდან მიმდინარეობს, ასევე, აქცია არის ჩანიშნული პარლამენტის წინ 19:00 საათზე.
„ქართულმა ოცნებამ“ 3 აპრილს გამოაცხადა, რომ კვლავ გეგმავს ე.წ. აგენტების კანონის ინიციირებას. ამ კანონის მიღების მცდელობამ 2023 წლის მარტში მასობრივი საპროტესტო აქციები გამოიწვია. საბოლოოდ, მმართველმა პარტიამ კანონპროექტი გაიწვია. კანონპროექტს შარშანდელი ვარიანტისგან მხოლოდ ის განასხვავებს, რომ ნაცვლად ტერმინისა „უცხოური გავლენის აგენტი“, გამოყენებულია ტერმინი „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია“. საქართველოს დასავლელი პარტნიორები - შეერთებული შტატები, ნატო, ევროკავშირი, ასევე ევროპის არაერთი ქვეყანა, პარლამენტს მოუწოდებენ, არ მიიღოს ეს კანონი. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „აგენტების კანონს“, მმართველი გუნდის მტკიცების საწინააღმდეგოდ, „რუსული კანონი“ უწოდა, ხოლო „ქართული ოცნების“ ხელისუფლება რუსული მიმართულების გატარებაში დაადანაშაულა. მმართველი პარტია კანონის საგაზაფხულო სესიის ბოლომდე - ივნისის ბოლო პარასკევამდე - მიღებას გეგმავს.
8 აპრილს პარლამენტის ბიუროს სხდომაზე ფრაქცია „ქართული ოცნების“ ინიცირებული კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ დარეგისტრირდა.
ამავე თემაზე: „ქართულმა ოცნებამ“ „საფრთხედ“ დასავლეთი მონიშნა?