15-04-2024 14:03:28 პოლიტიკა ,ციტატა
"მე დავიბადე საბჭოთა კავშირის პერიოდში, თუმცა მათი მმართველობა არ მახსოვს, ბავშვი ვიყავი, პატარა ვიყავი, მაგრამ გადმოცემით, რასაც ამბობენ, იგივე ხდება დღეს ერთი ერთში, რაც ხდებოდა საბჭოთა კავშირის პერიოდში. მითითებები, ერთ ნაბიჯს ვერ გადადგამდი ცეკასთან რომ არ შეგეთანხმებინა. იგივე ხდება დღეს. სად გაგონილა, თქვენ გინახავთ საერთოდ რომელიმე განვითარებულ ქვეყანაში რომელიმე ქვეყნის დიპლომატი, ელჩი თუნდაც გამოდიოდეს და ერეოდეს იმაში პარლამენტმა რა კანონი უნდა მიიღოს, რა გადაწყვეტილება უნდა მიიღოს, გაგიგიათ ეგეთი რამე?! სრული საგიჟეთია უბრალოდ რა. [ჟურნალისტის კითხვა, ცეკას თუ ადარებთ ევროკავშირს, მაშინ რატომ ამბობთ, რომ ევროკავშირში ინტეგრაცია გინდა?] ევროკავშირი მე მინდა ისეთი, სადაც არის სამართლიანობა", – ამის შესახებ "ქართული ოცნების" გენერალურმა მდივანმა კახი კალაძემ განაცხადა.
ამ წუთებში აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის და ევროკავშირის ელჩები საქართველოს პრემიერ–მინისტრს ხვდებიან. ისინი უკვე მივიდნენ მთავრობის კანცელარიაში, თუმცა რას ეხება შეხვედრა ამ ეტაპზე უცნობია. გუშინ პრემიერმა დიპლომატებს "აგენტების" შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით "საჯარო დისკუსიის" გამართვა შესთავაზა.
ცნობისთვის: პარლამენტმა "აგენტების" შესახებ კანონპროექტის განხილვა დღეიდან დაიწყო. კომიტეტის სხდომაზე პერიოდულად ხმაურია.
სამოქალაქო ორგანიზაციების ორგანიზებით განხილვის პარალელურად, აქცია იმართება. აქცია სახელწოდებით „არა რუსულ კანონს“ პარლამენტის შენობასთან დილიდან მიმდინარეობს, ასევე, აქცია არის ჩანიშნული პარლამენტის წინ 19:00 საათზე.
„ქართულმა ოცნებამ“ 3 აპრილს გამოაცხადა, რომ კვლავ გეგმავს ე.წ. აგენტების კანონის ინიციირებას. ამ კანონის მიღების მცდელობამ 2023 წლის მარტში მასობრივი საპროტესტო აქციები გამოიწვია. საბოლოოდ, მმართველმა პარტიამ კანონპროექტი გაიწვია. კანონპროექტს შარშანდელი ვარიანტისგან მხოლოდ ის განასხვავებს, რომ ნაცვლად ტერმინისა „უცხოური გავლენის აგენტი“, გამოყენებულია ტერმინი „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია“. საქართველოს დასავლელი პარტნიორები - შეერთებული შტატები, ნატო, ევროკავშირი, ასევე ევროპის არაერთი ქვეყანა, პარლამენტს მოუწოდებენ, არ მიიღოს ეს კანონი. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „აგენტების კანონს“, მმართველი გუნდის მტკიცების საწინააღმდეგოდ, „რუსული კანონი“ უწოდა, ხოლო „ქართული ოცნების“ ხელისუფლება რუსული მიმართულების გატარებაში დაადანაშაულა. მმართველი პარტია კანონის საგაზაფხულო სესიის ბოლომდე - ივნისის ბოლო პარასკევამდე - მიღებას გეგმავს.
8 აპრილს პარლამენტის ბიუროს სხდომაზე ფრაქცია „ქართული ოცნების“ ინიცირებული კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ დარეგისტრირდა.
ამავე თემაზე: „ქართულმა ოცნებამ“ „საფრთხედ“ დასავლეთი მონიშნა?