თეონა აქუბარდია – საპარლამენტო უმრავლესობას: თქვენ, თქვენი შვილების მომავალი მოწყობილი გაქვთ და სხვისი შვილების მომავალს უპირისპირდებით

17-04-2024 14:22:57 პოლიტიკა

თქვენ, თქვენი შვილების მომავალი მოწყობილი გაქვთ და სხვისი შვილების მომავალს უპირისპირდებით - თურმე, ნატო-ს გენერალურმა მდივანმა არ იცის, შარლ მიშელმა არ იცის, ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა არ იციან, გერმანიის კანცლერმა არ იცის და იცის მხოლოდ მამუკა მდინარაძემ და “ქართულმა ოცნებამ“! - ასე მიმართა ოპოზიციონერმა დეპუტატმა თეონა აქუბარდიამ საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს პლენარულ სხდომაზე.

როგორც აქუბარდიამ განაცხადა, "მმართველი გუნდის რეალური მიზანი ფინანსური გამჭვირვალობა რომ ყოფილიყო, პარლამენტში “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის ინიცირების ნაცვლად, ცვლილებებს “გრანტების შესახებ“ კანონში შეიტანდნენ, რითაც შესაბამისი შედეგი დადგებოდა".

„იმ მოცემულობაში, როცა ამ ქვეყანამ რუსული ოკუპაციის წინააღმდეგ 32 წელი იბრძოლა, როცა 2008 წელს ჩვენი სამხედროები ამ ქვეყნის სუვერენულ არჩევანს იცავდნენ, თქვენ რუსულ საქმეს აკეთებთ არა ტანკით, არამედ რუსული კანონით! თქვენ ამაზე გაქვთ ხელი მოწერილი. რა საჭიროა კანონი, რომელიც ასე ჰყოფს, ასე აპირისპირებს საზოგადოებას ერთმანეთთან და საფრთხეს ქმნის როგორც დემოკრატიისთვის, ასევე ქვეყნის ნატოსა და ევროკავშირში წევრობისთვის. ვის სჭირდება კანონი, რომელზეც ხალხი ამბობს არა რუსულ კანონს! ვის სჭირდება კანონი, რომელზეც ჩვენი მეგობრები, რომელსაც თქვენ “უცხო ძალას“ ეძახით, გვეუბნებიან, რომ ვერ შეხვალთ ნატოსა და ევროკავშირში“, - განაცხადა თეონა აქუბარდიამ.

დილიდან ხმაური და სიტყვიერი დაპირისპირებაა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, რომელზეც "აგენტების" შესახებ კანონპროექტის განხილვა განახლდა.

ცნობისთვის: „ქართულმა ოცნებამ“ 3 აპრილს გამოაცხადა, რომ კვლავ გეგმავს ე.წ. აგენტების კანონის ინიციირებას. ამ კანონის მიღების მცდელობამ 2023 წლის მარტში მასობრივი საპროტესტო აქციები გამოიწვია. საბოლოოდ, მმართველმა პარტიამ კანონპროექტი გაიწვია. კანონპროექტს შარშანდელი ვარიანტისგან მხოლოდ ის განასხვავებს, რომ ნაცვლად ტერმინისა „უცხოური გავლენის აგენტი“, გამოყენებულია ტერმინი „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია“. საქართველოს დასავლელი პარტნიორები - შეერთებული შტატები, ნატო, ევროკავშირი, ასევე ევროპის არაერთი ქვეყანა, პარლამენტს მოუწოდებენ, არ მიიღოს ეს კანონი. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „აგენტების კანონს“, მმართველი გუნდის მტკიცების საწინააღმდეგოდ, „რუსული კანონი“ უწოდა, ხოლო „ქართული ოცნების“ ხელისუფლება რუსული მიმართულების გატარებაში დაადანაშაულა. საქართველოს პარლამენტის საიტზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, „აგენტების კანონის“ მე-3, საბოლოო მოსმენის სავარაუდო თარიღად 17 მაისია მითითებული.

კანონპროექტის განხილვა პარლამენტში 15 აპრილიდან ხმაურისა და დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობს. განხილვის პარალელურად, მესამე დღეა, საპროტესტო აქციები არ წყდება საკანონმდებლო ორგანოსთან. 16 აპრილს პარლამენტის შენობის ერთ-ერთ შესასვლელთან აქციის მონაწილეების წინააღმდეგ სპეცრაზმმა სავარაუდოდ, სპეციალური საშუალება, გაურკვეველი სითხე გამოიყენა დემონსტრანტების წინააღმდეგ. ამასთან, მოგვიანებით, სოციალურ ქსელებსა და მედიაში გავრცელდა კადრები, რომელშიც ასახულია, რომ სპეცდანიშნულების რაზმი მოქალაქეებს ფიზიკურად უსწორდება. როგორც პარლამენტთან ღამით დარჩენილმა აქციის მონაწილეებმა თქვეს, მათი დაშლა მოულოდნელად დაიწყო და სპეცრაზმელებმა დემონსტრანტები კონდახებით სცემეს. "პუბლიკის", "ტაბულას" და "აპრილის" ჟურნალისტები აცხადებენ, რომ ისინი სპეცრაზმელებმა პროფესული საქმიანობის შესრულებისას სცემეს.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები