
"ევროპული საქართველო" მოითხოვს, მთავრობამ ოფიციალურად უარყოს პრეზიდენტის განცხადება
25/12/2019 13:08:34 საშინაო პოლიტიკა
"ევროპული საქართველო" კატეგორიულად მოითხოვს, საქართველოს მთავრობამ ოფიციალურად უარყოს საქართველოს პრეზიდენტის მიერ საზღვრებთან დაკავშირებით გაკეტებული განცხადება.
პარტიის ერთ–ერთი ლიდერი დავით ბაქრაძე სალომე ზურაბიშვილის განცხადებას "სიბრიყვედ და საქართველოს სახელმწიფოებრივი ინტერესების დამაზიანებელ მავნებლობად" მიიჩნევს.
„მე მაინტერესებს, რომელი კონტექსტის არცოდნით შეიძლება გამართლდეს ის, რაც ამ ქვეყანაში იცის ნებისმიერმა პირველკლასელმა ბავშვმა, რომ აფხაზეთი და ცხინვალი არის საქართველოს ნაწილი, ხოლო სომხეთი და აზერბაიჯანი არის ჩვენი მეზობელი. როგორ შეიძლება ილაპარაკო შენს ნაწილთან საზღვარზე. ეს იგივეა, ილაპარაკო საქართველოსა და კახეთს ან საქართველოსა და გურიას შორის საზღვარზე. რომელი კონტექსტით, ან რომელი ფრანგულით, ან რომელი საკითხის არცოდნით შეიძლება გამართლდეს ასეთი რამ? რითი შეიძლება გამართლდეს, როდესაც ერთ სიბრტყეზე აყენებ საოკუპაციო ხაზს, რომელიც არ არის აღიარებული მსოფლიოში არავის მიერ რუსეთის გარდა და საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვარს შენს მეზობელ სომხეთთან და აზერბაიჯანთან“, - აღნიშნა დავით ბაქრაძემ.
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა 24 დეკემბერს „საზოგადოებრივ მაუწყებელთან“ ინტერვიუში დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსთან დაკავშირებით საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის პრობლემური მონაკვეთის შესახებ დასმულ შეკითხვას უპასუხა. პრეზიდენტმა ისაუბრა იმაზე, მის მიერ წამოჭრილი თემა რამდენად კოორდინირებული იყო საქართველოს მთავრობასთან:
„ჯერ ერთი, ყველა მოქმედება საგარეო კუთხით არის შეთანხმებული, კონსტიტუცია ამას მოითხოვს. მეორე, პრეზიდენტი არის პასუხისმგებელი უშუალოდ ტერიტორიის მთლიანობაზე და მათ შორის საზღვრებზე. ჩვენ ძალიან ბევრი რამე გვინდა - ხან NATO-ში შესვლა, ხან - ევროკავშირში. ყველა ჩვენი მთავარი პრიორიტეტი, რომელიც გვიწერია კონსტიტუციაში, დამოკიდებული არის იმაზე, ჩვენს სახელმწიფოს ჰქონდეს თავისი აღიარებული საზღვრები. ჩვენ საზღვარი მხოლოდ კონფლიქტურ რეგიონებთან კი არ გვაქვს, როგორც პრობლემატური საზღვარი, ასევე აზერბაიჯანთან და სომხეთთან“.