პარლამენტთან და მთავრობის ადმინისტრაციასთან აქცია დასრულებულია

18-04-2024 02:53:44 საზოგადოება

პარლამენტთან და მთავრობის ადმინისტრაციასთან აქცია დასრულებულია. ამ დროისთვის ადგილზე მოქალაქეთა მცირე ჯგუფი რჩება. როგორც აქციის ორგანიზატორები აცხადებენ, სამომავლო გეგმების შესახებ საზოგადოებას წინასწარ აცნობებენ.

მათი თქმით, პრობლემის კონსტიტუციურად გადაწყვეტისთვის ყველა რესურსს გამოიყენებენ.

„აქ ჩვენ გვესმოდა, როგორ აბრალებდნენ საზოგადოებას, თურმე რადიკალების შეკრებაა. ვინმემ რამე ნახა დღეს რადიკალური? ეს მშვიდობიანი მსვლელობა იყო დიალოგის მოთხოვნით. პასუხად დუმილი და მშიშარა ადამიანები მივიღეთ. პრემიერ-მინისტრი ამბობდა, რომ მზად იყო ყველასთან ესაუბრა. საუბარია, როდესაც კანცელარიიდან გარბიხარ, პარლამენტში ხალხს არ უსმენ, მიკროფონებს თიშავ? დღეს ვაჩვენეთ ის, რომ საზოგადოება, რომელიც აქ იკრიბება მშვიდობიანია, საქართველოს ბედი აინტერესებს და არა რომელიმე პარტიის ან რომელიმე ორგანიზაციის პერსპექტივა. აქ შეკრებილები ვართ იმისთვის, რათა უზრუნველვყოთ, რომ საქართველო ევროკავშირის წევრი ძალიან მალე გახდეს. ჩვენ ამ პრობლემის კონსტიტუციურად გადაწყვეტისთვის ყველა რესურსს გამოვიყენებთ. ეს გრძელი ბრძოლაა, მაგრამ არსებობს სამი რამ, რაც არ უნდა გავაკეთოთ: არ უნდა დაგვეზაროს, არ უნდა შეგვეშინდეს და არ უნდა დავიღალოთ. დღეს ეს სამივე პირობა დაკმაყოფილებულია. ამისთვის დიდი მადლობა. მართლები ვართ და ამ სიმართლის ხმა მთავრობის ადმინისტრაციაშიც, პარლამენტშიც და ყველა ოფისშიც შეაღწევს. ყველა გეგმის შესახებ, რაც კი გვექნება, ინფორმაციას აუცილებლად გავასაჯაროებთ“, - განაცხადა „საქართველოს ევროპული პლატფორმის“ თანადამფუძნებელმა ლევან ცუცქირიძემ.

მესამე დღეა, თბილისში, პარლამენტის შენობასთან მოქალაქეები „აგენტების" შესახებ კანონპროექტს აპროტესტებენ. 17 აპრილს პარლამენტმა „აგენტების" შესახებ კანონი პირველი მოსმენით მიიღო. პროცედურის თანახმად, პარლამენტი კანონპროექტს განიხილავს და კენჭს უყრის სამი მოსმენით. საქართველოს პარლამენტის საიტზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, "აგენტების კანონის“ მე-3, საბოლოო მოსმენის სავარაუდო თარიღად 17 მაისია მითითებული.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები