მოულოდნელი ცვლილებები "ქართული ოცნებისგან" – რატომ ჩქარობს მმართველი გუნდი?

18-04-2024 15:29:19 პოლიტიკა ,ეკონომიკა ,ანალიზი

„აგენტების კანონის“ პირველი მოსმენით მიღების შემდეს, რომელსაც საზოგადოებაში „რუსულ კანონს“ უწოდებენ, მმართველმა გუნდმა დაჩქარებულად მორიგი ცვლილებების მიღება გადაწყვიტა: „ქართული ოცნება“ პარლამენტში დაჩქარებული წესით განიხილავს საგადასახადო კოდექსში ცვლილებებს, რომლის მიხედვითაც ოფშორებიდან ქართულ კომპანიებზე წილების გადაფორმება და აქტივების გადმოტანა ყველა სახის გადასახადისგან გათავისუფლდება. კანონპროექტის ავტორების მტკიცებით, ცვლილების მიზანია საქართველოში მოქმედმა ბიზნესმენებმა ოფშორულ ზონებში დარეგისტრირებული კომპანიები სრულად საქართველოში გადმოიტანონ. ოპოზიცია კი ეჭვობს, რომ შეღავათი ერთი ადამიანისთვის – „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილისთვის წესდება, რომელსაც ძირითადი კომპანიები სწორედ რომ ოფშორულ ზონებში აქვს დარეგისტრირებული. მათი ხედვით, ივანიშვილი დასავლეთის მხრიდან სანქციებს ელის და სწორედ ამიტომ სურს აქტივების საქართველოში გადმოტანა. ამასთან, ოპოზიციაში შიშობენ, რომ ამ ცვლილებების შედეგად საქართველოში რუსული ფული შემოვა, შედეგად საქართველოს საერთაშორისო იმიჯი შეილახება.

იხილეთ ასევე: ფარკასი – "აგენტების" კანონპროექტზე: ვვარაუდობ, აშშ უკვე განიხილავს სანქციების საკითხს და ამ კანონის მიღება გადაწყვეტილებას მხოლოდ დააჩქარებს

ინფორმაციისთვის: პროექტი 17 აპრილს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე წარადგინა დეპუტატმა პაატა კვიჟინაძემ და მისი პირველი მოსმენით მიღება 17 აპრილსვე მოხდა. დღეს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე კანონპროექტს მეორე მოსმენით განიხილავენ.

„უცებ აღმოჩნდა, რომ ორ დღეში უნდა მივიღოთ კანონი, რომელსაც ჰქვია ბიძინა ივანიშვილის ოფშორში განთავსებული აქტივების, აქციების, წილების, ქონების, თვითმფრინავების...საქართველოში დაუბეგრავად გადმოტანის შესახებ. [...] ხომ არ მოჰყვება ამას უკიდურესად გაუარესება ქვეყნის საერთაშორისო რეპუტაციის, საინვესტიციო კლიმატის? რა თქმა უნდა, ამით ისარგებლებს უამრავი ის პირი, რომელიც არ არის საქართველოს მოქალაქე (აქ მოქალაქეობაზე არც არის საუბარი, რეზიდენტი არც არის გამოკვეთილი), რომელსაც საქართველოში ფულის გათეთრების შანსები გაუჩნდება?“,– იკითხა დეპუტატმა რომან გოცირიძემ.

დეპუტატი სანდრო რაქვიაშვილი დაინტერესდა, მაინც რატომ დადგა დღის წესრიგში ცვლილებების დაჩქარებული წესით მიღების აუცილებლობა:

„300 ლარს თუ აცდები, ამგვარ ამანათს ვბეგრავთ და პირობითად, თვითმფრინავს არ ვბეგრავთ. ხალხი რიგში დგას, „ფული გვინდა სასწრაფოდ შემოვიტანოთ და აბა დაგვეხმართო“? კონკრეტულად მართლა ბიძინა ივანიშვილს ეხება და რაღაც რისკებს ვაზღვევთ? თუ რა პრობლემაა ისეთი, რომელმაც გამოიწვია ამ კანონის დაჩქარებული წესით მიღება?“.

იგივე კითხვა აქვს დეპუტატ იაგო ხვიჩიასაც:

„მინდა, ლოგიკა წარმომადგენინოთ: ადამიანებს, რომლებსაც ოფშორებში აქვთ ფული, შეუძლიათ მილიონობით, შესაძლოა, მილიარდობითაც აქტივი შემოიტანონ საქართველოში, გვერდი აუარონ საგადასახადო სისტემას, ფულის გათეთრების სისტემას; პარალელურად მოწყობილი გვაქვს რეჟიმი (ცვლილება პაკეტში შემოტანილი არაა), საქართველოს მოქალაქემ 300 ლარიანი ნივთი რომ გამოიწეროს, 18% ბიუჯეტს უნდა გადაუხადოს“.

დეპუტატები ოფშორებიდან ინვესტიციების მოზიდვას გაუმჭვირვალეობიდან გამომდინარე სახიფათოდ მიიჩნევენ.

„ასე მარტივად არ არის საქმე, რომ მხოლოდ ინვესტიციები შემოვა... ზოგადად, ინვესტიციებთან დაკავშირებით კითხვა ყოვეთვის უნდა დასვა, ეს რა ტიპის ფულია და ზოგადად ამ აქტივს რა რისკები შეიძლება, მოჰყვებოდეს. ჩვენ წინასწარ ხომ ვერ ვხედავთ, რა აქტივებზეა საუბარი?!“,– ხაზი გაუსვა დეპუტატმა მიხეილ დაუშვილმა.

რისკებზე გაამახვილა ყურადღება დეპუტატმა ვახტანგ მეგრელიშვილმაც:

„ამ შემთხვევაში სახელმწიფოს ინტერესი, თქვენი აზრით, რა არის – ამან გადასახადი გადაიხადოს თუ არ გადაიხადოს? მეორე – ეს ხომ არ იქნება ფულის გათეთრება? და ეს შეთანხმებული გაქვთ მაგალითად, საერთაშორისო სავალუტო ფონდთან? ან მათი აზრი ამ საკითხზე თუ არის ცნობილი? ან იმ საერთაშორისო ორგანიზაციების, რომლებთანაც თქვენ იდეაში, ამ ნაწილში თანამშრომლობთ?“.

ფრაქცია "ევროოპტიმისტები" ამ კანონპროექტზე პრეზიდენტს ვეტოს დადებისკენ მოუწოდებენ, რადგანაც ფრაქციის შეფასებით, კანონი რიგ სამართლებრივ და რეპუტაციულ პრობლემებს აჩენს საქართველოს სახელმწიფოსთვის. ფრაქციის არგუმენტები ამგვარია:

  • "კანონპროექტი არ ითვალისწინებს, რომ ეს პროცესი იყოს გამჭვირვალე. რატომ არ არის მოთხოვნა, რომ უნდა იყოს საჯარო, თუ რომელი ოფშორიდან, რომელი კომპანიიდან, რომელი ფიზიკური პირის მიერ, რა რაოდენობის აქტივები იქნა გადმოტანილი საქართველოს იურისდიქციაში და რომელ აქაურ კომპანიაში? ამ ოპერაციის განხორციელების დროს ფაქტობრივად არა აქვს მნიშვნელობა ფულისა და აქტივების წარმომავლობას. შავი ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლის საქართველოს კანონმდებლობისა და საერთაშორისო ნორმების გვერდის ავლით ოფშორული აქტივების საქართველოში არსებულ საწარმოებზე გადმოცემა ხომ არ შელახავს ქვეყნის საერთაშორისო რეპუტაციას, ხომ არ გამოიწვევს მისი საინვესტიციო იმიჯის გაუარესებას.
  • ეს კანონი გახდება რუსეთიდან ოფშორებში გატანილი კრიმინალური ფულისა და აქტივებისათვის საქართველოში თავშესაფრის მოპოვების მექანიზმი, რაც გააუარესებს ქვეყნის საინვესტიციო კლიმატს. ხომ არ იქნება გამოყენებული აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილება რუსეთისადმი დაწესებული საერთაშორისო სანქციების გვერდის ასავლელად?
  • ევროკავშირიდან, ამერიკიდან და სხვა გამჭვირვალე იურისდიქციებიდან , პატიოსანი და ლეგალური ბიზნესი თუ იმავე ოპერაციას განახორციელებს, რაც აღნიშნული კანონპროექტის შეღავათებითაა გათვალისწინებული, იბეგრება შესაბამისი გადასახადებით, მაშინ როცა არალეგალური ფულისა და აქტივების გათეთრება წახალისებული ხდება და უპირატეს მდგომარეობაშია ჩაყენებული. ეს პირდაპირ ეწინააღმდეგება ჯანსაღი კონკურენციის პრინციპებს და ქვეყანას აქცევს შავი ფულის სამრეცხაოდ.
  • ეს კანონი ეწინააღმდეგება ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების ინტერესებს. მაგ. კვიპროსი, რომელიც თითქმის ნახევარი საუკუნის განმავლობაში ოფშორად ითვლებოდა, 2004 წელს ამ ქვეყანაში განხორციელებული საგადასახადო ცვლილებებით, ეს სტატუსი გაუჩნდა, რადგან იგი იყო შეუთავსებელი ევროკავშირის წევრობასთან. გამჭვირვალობა და შავი ფულის წინააღმდეგ ბრძოლა არის ევროკავშირში ბიზნესის წარმოების სავალდებულო მოთხოვნა, ეს ცვლილებები კი საპირისპიროს ამკვიდრებს. ამ კანონპროექტის მიხედვით, ფიზიკურ პირს შეუძლია კანონის ძალში შესვლამდე ოფშორებში არსებული მისი შემოსავლების, ქონებისა და სხვ აქტივების რეპატრიაცია 2028 წლამდე. როცა ოფშორები იმით გამოირჩევა, რომ მსგავსი ინფორმაცია არის საიდუმლო, ვინ და როგორ დაადგენს აქტივების წარმოქმნის დროს?
  • კანონპროექტში ვკითხულობთ, რომ ცვლილების ეს ნაწილი გამოიყენება “მხოლოდ იმ აქტივის გადაცემის შემთხვევაში, რომელიც შეღავათიანი დაბეგვრის მქონე ქვეყანაში რეგისტრირებული უცხოური საწარმოს საკუთრებაშია ამ ნაწილის ამოქმედების დღისთვის”. როგორ მოხდება დადგენა, რომ, მაგალითად, 2027 წელს ოფშორული კომპანიიდან აქტივებზე საკუთრების უფლების საქართველოს საწარმოსათვის გადაცემისას, ეს აქტივები მას გააჩნდა ამ კანონის ამოქმედების დღემდე, ანუ 2024 წლის მაისამდე? ამის გადამოწმება პრაქტიკულად შეუძლებელია. ასეთ შემთხვევაში ნებისმიერი ოფშორში რეგისტრირებული აქტივის გადმოტანა იქნება შესაძლებელი. საერთოდ გაურკვეველია, თუ როგორ უნდა განისაზღვროს ოფშორში მიღებული შემოსავლის წარმოქმნის პერიოდი და ისიც შემოფარგლულია თუ არა ამ კანონის მიღების დროით.
  • გაურკვეველია, საქართველოში არსებული კომპანია, რომელშიც უცხოური აქტივები გადმოდის, უკვე უნდა არსებობდეს ამ კანონის მიღებამდე თუ ამ კანონის ძალაში შესვლის შემდეგაც შეიძლება მსგავსი საწარმოს დაფუძნება? მაგ. 2025 წელს პირი აფუძნებს კომპანიას და შემდეგ ოფშორიდან გადმოაქვს მასში აქტივები. თუ ეს დასაშვებია, მაშინ იგი არის პირდაპირი გზაა რუსული თუ სხვა ქვეყნების კრიმინალური ფულისა და აქტივების საქართველოში დაუბრკოლებლად ლეგალიზაციის. ამ კანონპროექტით არსად ჩანს, რომ რაიმე შეზღუდვა იყოს დროში ჩვენს ტერიტორიაზე საწარმოს დაფუძნების.
  • წილების, აქციების, ქონების და სხვა აქტივების გადმოტანა ამ ცვლილებებით შეუძლია ფიზიკურ პირს, მიუხედავად იმისა, არის თუ არა იგი საქართველოს რეზიდენტი. ამისთვის საკმარისია იგი ფლობდეს საქართველოშიც და ოფშორშიც ბიზნეს. რატომ მხოლოდ ფიზიკური პირებს? თუ ქართული იურიდიული პირი ფლობს ოფშორში კომპანიას, რატომ არ შეუძლია მას თავისი აქტივების გადმოტანა საქართველოში არსებულ მის კომპანიაზე? რა იქნება ჩადებული ფიზიკური და იურიდიული პირების გამიჯვნაში?
  • კანონში ნახსენებია “შეღავათიანი დაბეგვრის მქონე ქვეყნები”-სად არის ამ ქვეყნების სია. ბევრი ოფშორი საერთოდ არაა ქვეყანა, იგი რომელიმე ქვეყნის ნაწილია, მაგალითად, ბაჰამის კუნძულები, ვირჯინიის კუნძულები, კაიმანის კუნძულები და სხვა ოფშორები ბრიტანეთს განეკუთვნება. ოფშორების ჩამონათვალში მოხვდება ყველა თუ მხოლოდ ისინი, სადაც კომპანიები დარეგისტრირებული აქვს ბიძინა ივანიშვილს თუ რუს ოლიგარქებს? რატომ არ ერთვის ამ კანონპროექტს ოფშორების სია?
  • რატომ აყენებთ არალეგალურ ოფშორულ ქონებას ლეგალურთან შედარებით უპირატეს მდგომარეობაში? მაგ. თუ ქართული კომპანია შემოიტანს თვითმფრინავს, ტექნოლოგიურ აღჭურვილობებს, მანქანებს და ა. შ. იგი იბეგრება იმპორტისა და სხვა სახის გადასახადებით, მათ შორის ქონების გადასახადით, მაშინ, როცა ოფშორიდან შემოტანილი აქტივებზე 2030 წლამდე უქმდება ქონების გადასახადი. ეს გამოიწვევს შავი ხვრელის გაჩენას და საიმპორტო საქონლის ფიქციურად გაწერას ოფშორებში არსებულ კომპანიებზე და მათი მეშვეობით საქართველოში შემოტანას. არსადაა ნათქვამი, რომ ოფშორიდან შემოტანილი ქონების გაყიდვის შემთხვევაში აღნიშნული შეღავათი( ქონების გადასახადის დაბეგვრისგან განთავისუფლება) უქმდება. ივანიშვილმა რომ მის მიერ ოფშორიდან შემოტანილი თვითმფრინავი გაყიდოს, ეს აქტივი მაინც დაუბეგრავი დარჩება, ხოლო “აირზენამ” რომ შემოიტანოს ან სხვისგან იყიდოს ადგილზე, ქონების გადასახადი უნდა იხადოს. სად არის ამაში ლოგიკა?
  • ეს კანონპროექტი წარმოდგენილია რეგლამენტის დარღვევით. არ ახლავს სათანადო ფორმით შევსებული განმარტებითი ბარათი. იგი გაერთიანებულია საგადასახადო კოდექსში შესატან სხვა ცვლილებასთან ერთად (ფიზიკურ პირებზე დავალიანებების ჩამოწერა) და მხოლოდ ამ უკანასკნელთან დაკავშირებით არის მოცემული სათანადო გაანგარიშებები.
  • არაფერია ნათქვამი ოფშორებიდან შემოსავლებისა აქტივების გადმოტანის მოსალოდნელ დადებით თუ უარყოფით შედეგებზე, მის გავლენაზე ადგილობრივ თუ სახელმწიფო ბიუჯეტზე, მის თავსებადობაზე ჩვენი ქვეყნის საერთაშორისო ვალდებულებებთან და ა. შ. რა აუცილებლობითაა გამოწვეული კანონპროექტის დაჩქარებული წესით, ორიოდე დღეში ასე ფორსირებულად მიღება?“.

მმართველი გუნდის წევრები კი ტრადიციული რიტორიკით პასუხობდნენ ოპოზიციონერ კოლეგებს, რომ მათ პროექტი წაკითხული არ აქვთ, წინააღმდეგ შემთხვევაში, არ გააპროტესტებდნენ.

მათი თქმით, ოფშორებში კომპანიების საქმიანობა გართულებულია –მოეთხოვებათ მეტი გადასახადები და ქართველი ბიზნესმენებისთვის, რომლებიც ოფშორებში ფლობენ აქტივებს, შეღავათებია საჭირო, რათა ეს კაპიტალი მოიზიდონ საქართველოში.

რაც შეეხება სიჩქარეს, კვიჟინაძემ თქვა, რომ ეს უკავშირდება ამნისტიის კანონს, რომლის ფარგლებშიც პრემიერ–მინისტრმა ირაკლი კობახიძემ 8 აპრილს დააანონსა, რომ ფიზიკურ პირებს საგასასახადო ვალი ჩამოაეწერებოდათ. თუმცა მაშინ კობახიძემ არაფერი უთქვამს კანონპროექტზე, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ 17 აპრილს წარადგინა.

„ამის განხილვა იმიტომ მოხდა დაჩქარებული წესით, რომ კანონპროექტის პირველ ნაწილში ფიზიკურ პირებს ეხებოდა ამნისტია. ანუ ჩვეულებრივ მოქალაქეებს, რომლებმაც ვერ გადაიხადეს გადასახადები, მცირე ბიზნესის წარმომადგენლებს... ვიღაც, ვინც გადაიხადა დაჩაგრულად გამოდისო ამბობთ, მაგრამ ამ შემთხვევაში ასე არ არის, ეს ხალხი, ვინც ვერ გადაიხადა, თავისი ქონებით აგებს პასუხს. იმას, რომ დავალიანება გაუჩნდა, მაგალითად 500 ლარი ან ანგარიშიდან მოუხსნიან, ან ქონებას დაუყადაღებენ და ა.შ. ამ გაგებით ეს ყველაზე გაჭირვებული ხალხია და ფულსაც ვერ ამოიღებ ამ გაგებით.

ამ ხალხზე ჩატარებულია ყველა ღონისძიება, ანგარიშებზე ინკასო ადევთ, ქონება დაყადაღებული აქვთ და ეს ხალხი საკმაოდ ცუდ მდგომარეობაშია და რაიმე პრივილეგიას მაგით ვერ მიიღებს. ამაზე იყო საუბარი და პრემიერმა განაცხადა, რომ ამ ხალხს ჩამოვაწეროთ გადასახადები. ჩვენ ვამბობთ, რომ თუ ეს გადაწყვეტილება მიღებულია, რატომ ვაწვალებთ ამ ხალხს? - დავუბრუნოთ ისინი ეკონომიკურ საქმიანობას, ამიტომ გავაკეთეთ დაჩქარებული და იმ მეორე ნაწილზე, რომელიც ახლა თქვენ [დეპუტატებს] გინდათ გამჭვირვალობას მიაბათ, საერთოდ არ მეგონა, რომ ვინმე ხმას გაიღებდა. ხან იძახით, რატომ არ შემოგაქვთ ინვესტიციები ოფშორებიდან და ა.შ. და ახლა ამოატრიალეთ და სხვანაირად იძახიან. ვინ გააკეთა ეს და ყველამ - შუა აზიით დაწყებული, კავკასიით, და ევროპით დასრულებული, ახლა ამერიკაც აკეთებს, მთელი მსოფლიო ამას აკეთებს და რა ვერ გაიგეთ - ინვესტიცია რომელიც ოფშორშია და იურიდიული თემით დასავლეთის ქვეყნებს ეხება ნელ-ნელა გამოვიდეს სიბნელიდან და მეტი გამჭვირვალობა იყოს. ვინც გინდა ის იყოს, რა არის იმაში ცუდი, რომ ოფშორიდან გადმოვიდეს და შეხვალ რეესტრში და ნახავ, რომ აქ არის დარეგისტრირებული. ეს ერთჯერადი გადაწყვეტილებაა“, - განაცხადა კვიჟინაძემ.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები