„ცემა–ცემით გამატარეს ეს ფარიანი ხალხი“ – რას ყვებიან ნაცემი დემონსტრანტები

18-04-2024 18:42:48 საზოგადოება

„აგენტების კანონის“ წინააღმდეგ აქციაზე ნაცემი დემონსტრანტები მათზე განხორციელებული ძალადობის ფაქტებს იხსენებენ.

„გაიხსნა ფარები [სპეციალური ეკიპირების ნაწილი], გამოვარდნენ გინებით, „პოლიციელებს როგორ აგინებთ, თქვენი ისე, თქვენი ასეო“... ერთი ნაბიჯის გადადგმა მოვასწარი უკან, გვერდიდან რაღაც მომხვდა და გავითიშე...აზრზე რომ მოვედი, უკვე ხელებგადაგრეხილს მიმართმევდნენ..გინება...წარტყმა–წამორტყმა იყო...ხელები უკან მქონდა შეკრული...სკამზე დასმულს, ხელებშეკრულებს თავებში გვირტყეს და გვაგინეს ძალიან ბინძურად...გვირტყეს მანამ, ვიდრე სუნთქვა ეყოთ...რაღაც მომენტში რომ გაჩერდნენ, უკან მოვიხედე, „არ მიგინებია–მეთქი“...ცრემლები წამსკდა...შეგრძნება მქონდა, რომ გული გამისკდებოდა უსუსურობისგან...ვერაფერს ვაკეთებდი...მირტყამდნენ უსამართლოდ. დაშავებული რომც მქონოდა რამე, გადამიყვანე და კანონით მოთხოვე პასუხი!“,– ყვება ლევან ჯობავა.

ძალადობაზე საუბრობს კიდევ ერთი დემონსტრანტი ლაშა ბუდაღაშვილი, რომელიც ტვინის შერყევით მოხვდა კლინიკაში:

„სპეცრაზმის კორდონში რომ შემათრიეს, იქ უკვე აღარ მახსოვს...იცით როგორ იყო? ერთ დარტყმაზე ვითიშებოდი და მეორე დარტყმაზე ვფხიზლდებოდი...განსაკუთრებით თავი და სახე ჰქონდათ არჩეული...რანაირად არ ვცდილობდი სახის დამალვას, აი, ხელით მაწევინებდნენ ხლს და ფეხით მირტყამდნენ სახესა და თავის არეში. ცემა–ცემით გამატარეს ეს ფარიანი და პლასტმასებიანი ხალხი...უკვე ქუჩის მხარეს რომ აღმოვჩნდით, იქ ვიღაცამ დაიძახა, „იღებენო“ და იქ გამიშვეს ხელი“.

საერთაშორისო ორგანიზაცია "Amnesty International"–მა "სადამსჯელო ოპერაციად" შეაფასა სამართალდამცველთა მხრიდან დემოსნტრანტების მიმართ დამოკიდებულება.

"ის, რაც 16-დან 17 აპრილის ღამეს ვნახეთ, იყო უმოწყალო შურისძიება ადამიანებზე მშვიდობიანი პროტესტის უფლების რეალიზების გამო. ხელისუფლება მოქმედებს ისე, თითქოს მისი პრერპგატივა იყოს იმის გადაწყვეტა, როდის აქვთ მოქალაქეებს უფლება, გამოხატონ პროტესტი და როდის არა. სპეცრაზმის გამოყენებით იგი არბევს, იყენებს ძალადობასა და თვითნებურ დაკავებებს. რამდენჯერმე აღინიშნა, როგორ დასდევდნენ და ცემდნენ გაქცეულ ადამიანებს ხელკეტებით, ალყაში აქცევდნენ და უმოწყალოდ უსწორდებოდნენ დაცემულებს. ეს იყო სადამსჯელო ოპერაცია. გამოვდივართ მოწოდებით ძალის უკანონოდ გამოყენებისა და დაკავებების ყოველი შემთხვევის გულდასმით გამოძიებისა და დამნაშავეთა პასუხისგებაში მიცემის შესახებ. შევახსემენთ საქართველოს ხელისუფლებას, რომ მშვიდობიანი შეკრების უფლება ერთ-ერთი ფუძემდებლურია ადამიანის უფლებებს შორის და მთავრობას აკისრია საერთაშორისო ვალდებულებები, მათ შორის - ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით" - ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები