პროტესტი გრძელდება, რუსთაველი გადაიკეტა

18-04-2024 23:14:19 საზოგადოება

მიუხედავად იმისა, რომ გასულ დღეებში „კი ევროპას, არა რუსულ კანონს“ სახელწოდებით ცნობილი საპროტესტო კამპანიის ორგანიზატორებს დღეს შეკრება არ ჰქონდათ დაანონსებული, პარლამენტის შენობასთან სტუდენტები შეიკრიბნენ. ადგილზე ასევე მივიდნენ მოქალაქეები თვითდინებით.

ამ დროისთვის რუსთაველის გამზირზე გზა გადაიკეტა. არ არის სცენა, სიტყვით გამოსვლები. აქციის მონაწილეები სკანდირებენ, საქართველო!”, “არა რუსულ კანონს!”. აქციას ძირითადად პერფორმანსის სახე აქვს.

მანამდე აქციის მონაწილეები პარლამენტის შენობის ტერიტორიიდან მსვლელობით მთავრობის ადმინისტრაციასთან, შემდეგ „ქართული ოცნების“ ოფისთან მივიდნენ, საიდანაც კვლავ საკანონმდებლო ორგანოსთან დაბრუნდნენ.

ისინი თვლიან, რომ „აგენტების კანონის“ თანმდევ საფრთხეებთან დაკავშირებით საზოგადოებაში ცნობადობა უნდა გაიზარდოს და ამ კუთხით აქტივობებს მნიშვნელოვნად მიიჩნევენ.

თავად „კი ევროპას, არა რუსულ კანონს“ საპროტესტო კამპანიის ორგანიზატორები ამბობენ, რომ პროტესტი "აგენტების კანონის" განხილვების პარალელურად გაგრძელდება. ისინი გრძელვადიანი პროტესტისთვის ემზადებიან და სამოქმედო გეგმაზე მუშაობენ.

მათი გეგმაა, რომ საპროტესტო მუხტი რეგიონებშიც გავრცელდეს და გაგრძელდება საინფორმაციო კამპანიებიც.

„აგენტების კანონი“ მეორე მოსმენით ჯერ იურიდიულ კომიტეტზე გავა, შემდეგ – სესიაზე. საკომიტეტო მოსმენა, სავარაუდოდ, მომდევნო კვირას გაიმართება. ხოლო სასესიო განხილვა – ორ კვირაში.

Новости

Другие новости