„გულმოდგინედ რომ მიუდგნენ,18–წლიანი ემუქრებათ“:  "დახუჭავს" თვალს სისტემა?

19-04-2024 16:35:22 საზოგადოება

ოპოზიციონერი დეპუტატი ალეკო ელისაშვილი სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში მივიდა პოლიციელების მხრიდან მასზე განხორციელებული ძალადობის თაობაზე ჩვენების მისაცემად. სსს აქციებზე დაფიქსირებულ სხვადასხვა ძალადობრივ ეპიზოდებს სამართალდამცველების მხრიდან „სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტების“ კვალიფიკაციით იძიებს. არაერთი დემონსტრანტი საუბრობს სპეცრაზმელთა მხრიდან ფიზიკურ ძალადობაზე, ძალადობაზე საუბრობენ დაკავებულებიც, ხოლო შს მინისტრმა ესკალაციაში თავად დემონსტრანტები დაადანაშაულა და ამტკიცებს, რომ მომიტინგეთა ცემა გამოიწვია „გაუგონარმა შეურაცხყოფამ“. თავად დეპუტატზე თავდასხმას მინისტრმა სამწუხარო „შემთხვევა“ უწოდა.

დეპუტატი ელისაშვილი, რომელსაც სახეზე ვიზუალურადაც აღენიშნება დაზიანებები, დარწმუნებულია, რომ „აბსოლუტური ფორმალობა“ ელის საგამოძიებო უწყებაში, რადგან თავდასხმას ანგარიშსწორებას უკავშირებს.

„იქნება წყალ–წყალა პროცედურა, ვითომ რამეს აკეთებენ და ვითომ ვინმეს დაკავება უნდათ...ამათი გამოძიება არ გაიშვა, მაგრამ იმის გამო, რომ მე პატივს ვცემ სახელმწიფოს და ზოგადად კანონმდებლობას (არ ვარ კანონმორჩილი, მაგრამ კანონმდებლობის პატივისმცემელი ადამიანი ვარ), ამ ფორმალობასაც დავიცავ...რაიმეს გამოძიება თუ უნდათ, კადრებია, სადაც ყველაფერი ხელისგულზეა, სახეები ჩანს...არანაირი დაკავება აქციაზე არ ხდებოდა, ეს იყო გაჩაღებული ცემა–ტყეპა და სადამსჯელო ოპერაცია“,– თქვა ელისაშვილმა.

ის მიიჩნევს, რომ ძალადობა პარლამენტში მომხდარი ეპიზოდის გაგრძელებაა. კერძოდ, „აგენტების კანონის“ განხილვისას, საკომიტეტო მოსმენაზე ელისაშვილმა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერ მამუკა მდინარაძეს, რომელიც წარადგენდა კანონპროექტს, სახეში მუშტი დაარტყა. საპარლამენტო უმრავლესობის წევრები ჯგუფურად იქვე გაუსწორდნენ ელისაშვილს. დეპუტატი დარწმუნებულია, რომ სწორედ მდინარაძემ „დაასია ტურებივით“ მას პოლიციელები.

„ვინც მე მირტყამდნენ, ისინი პოლიციელები არ იყვნენ. საბჭოთა დროს რომ ძაღლობას ეძახდნენ, იმათი მენტალური შთამომავლობა არიან ესენი, თორემ მე პატიოსან პოლიციელებს პატივს ვცემ. მაგრამ ისინი კანონს არ იცავდნენ...რა იყო ეს?.. ვისაც არ ეზარებოდა, მაყენებდნენ და...კადრები რომ ვნახე, მერე უფრო დავიძაბე...მაგდენი თუ მომხვდა, არ მახსოვდა, რადგან იქ გაბრუებული ვიყავი – ადრენალინია, სტრესი... კიდევ უფრო შემზარავი ყოფილა თურმე, რაც გავიარე, მაგრამ ვის მოსთხოვენ პასუხს?“,– ამბობს ელისაშვილი.

მისი თქმით, ამ ეპიზოდს „გულმოდგინედ რომ მიუდგნენ“, ფიგურანტებს „18–წლიანი მუხლი ემუქრებათ“ - ჯგუფური დანაშაული; ორგანიზებული დანაშაული; ძალადობა პოლიციის მხრიდან; პოლიციის მხრიდან უფლებამოსილების გადამეტება; თანამდებობის პირის მიმართ ანგარისწორება,– ჩამოთვალა ელისაშვილმა და იქვე გაუზიარა ჟურნალისტებს თავისი მოლოდინი, „ნახავთ, რომ გამოაძვრენენ საყვედურებით“.

როდესაც დამაკავეს და გამომიყვანეს, ვეუბნებოდი, „თქვენ ჩემი დაკავების უფლება არ გაქვთ, იმუნიტეტი მიცავს–მეთქი“, მითხრეს, რომ „ეს არა დაკავება, განრიდებააო“. კანონში ნახავთ, რომ განრიდება დანაშაულის ადგილიდან ადამიანის გაყვანაა, მე კი რამდენიმე საათის განმავლობაში ვიყავი დაკავებული. ამასაც რომ შევეშვათ, დაკავების ოქმია შედგენილი - რა თქმა უნდა, დაკავებული ვიყავი. დიდუბის პოლიციაში არავის ვერჩი, იქ ძალიან ადამიანური გარემო იყო, მაგრამ ჩემზე ძალადობის კადრებია...“.

ის ხაზგასმით აღნიშნავს, რომ პოლიციელებისთვის შეურაცხყოფა არ მიუყენებია და მსგავს ბრალდებას ვერ წაუყენებენ:

„პირიქით, ყველას მოვუწოდებდი, „არანაირი შეურაცხყოფა პოლიციელებს“. როგორც პარლამენტის წევრს, ნებისმიერ საჯარო უწყებაში დაუბრკოლებლად შესვლის უფლება მაქვს. დიახ, მინდოდა, მენახა კობახიძე და დავლაპარაკებოდი. ამის უფლება მქონდა და პოლიციელებს იქ ჩემთვის გზა არ უნდა გადაეკეტათ!“.

„ცეხავიკმა" წაქაძემ [დეპუტატი] თქვა, „წაიქცა ალბათო“. რაღაცის დანახვა რომ არ გინდა, რა თქმა უნდა, ვერ დაინახავ. როდესაც ადამიანი ნახავ (რა მნიშვნელობა აქვს, რომელ პოლიტიკურ პოზიციაზე ხარ), ერთ კაცს რომ 200 პოლიციელი მირტყამს...რომ მაყენებენ და წიხლებს მირტყამენ სახეში...ამაზე რეაქცია ხომ უნდა გქონდეს?! აქ ხომ პოლიტიკა არ არის? იმავე პოლიციელებმა ხვალ შესაძლოა, წაქაძის შვილი გაიგდოს, ან სხვისი! შეიძლება ასე მოქცევა?!. თან ამათ უნდოდათ, ეჩვენებინათ, „დეპუტატს რომ ასე დაუზოგავად ვურტყამთ, სხვებს რა ...“არავის შეეშინდეს, არც მე მეშინია, რადგან ძალიან მნიშვნელოვან ამბავს ვართ შეჭიდებული. ვერავის გაუბედავენ!..“

ელისაშვილი იხსენებს, რომ სახელმწიფო დაცვის სამსახურის ხელმძღვანელთან ჰქონდა „ცხარე საუბარი“:

„არ მახსოვდა, რომ დროშის სადგარს შემაჯახეს ხელით. ტუჩი მქონდა გახეთქილი და სისხლს ვიწმენდი, მხრებზე პოლიციელები მყავდა ჩაფრენილი და ამ დროს შემოვიდა ანზორ ჩუბინიძე, ძალიან ცხარე კამათი მქონდა, „რას სჩადიხართ–მეთქი?!“. სიმართლე გითხრათ, მისგან აგრესია არ იყო, „დამშვიდდი, ყველაფერი გაირკვევაო“. ჩემს მიმართ ვაჟა სირაძე [თბილისის საპატრულოს ხელმძღვანელი]იყო ძალიან აგრესიული და ფაქტია, რომ ის იყო ხელმძღვანელი. ჩემთვის არ დაურტყამს, მაგრამ შეურაცხმყოფელ სიტყვებს ის ამბობდა და იყო ძალიან აგრესიული. მისგან გაისმა „შეათრიეთო“, დასრულებული არ ჰქონდა სიტყვა და გავქრი პოლიციელების ფეხებში“.

15-17 აპრილის მასშტაბური საპროტესტო აქციები მოყვა „ქართული ოცნების“ მიერ ინიციირებულ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონპროექტს", ე.წ. აგენტების კანონს, რომელიც მმართველი პარტიის განცხადებით, უცხოეთიდან დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციების და მედიასაშუალებების გამჭვირვალობას და სახელმწიფო სუვერენიტეტის დაცვას ისახავს მიზნად.

საქართველოს პარტნიორი ქვეყნებისა და ორგანიზაციების შეფასებით, ე.წ. აგენტების კანონი ხელს შეუშლის ქვეყნის ევროინტეგრაციას.

2023 წლის მარტში ხალხმრავალი აქციებისა და საერთაშორისო კრიტიკის გამო საპარლამენტო უმრავლესობა იძულებული გახდა, „უცხოეთის აგენტების კანონი“ ჩაეგდო და პირობა დადო, რომ პროექტს აღარ დაუბრუნდებოდა. თუმცა, „ქართულმა ოცნებამ“ კანონპროექტი 2024 წლის 3 აპრილს დააბრუნა პარლამენტში. ტერმინი „უცხოური გავლენის აგენტი“ პროექტში მან "უცხო ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციით" ჩაანაცვლა. სხვა მხრივ კი კანონპროექტი უცვლელად დატოვა.

შსს–ს ცნობით, საპროტესტო აქციებზე ჯამში 40 ადამიანი დააკავეს.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები