
ერთი სკამი – 12 000 ლარად: ამჯერად რა მოაქვს კალაძეს იტალიიდან
26/12/2019 07:46:32 საშინაო პოლიტიკა
თბილისის მერიას ჭავჭავაძის გამზირისთვის იტალიიდან ქვის სკამები მოაქვს. ტენდერი უკვე გამოცხადებულია, რომლის ვადა 21 იანვარს იწურება.
სატენდერო დოკუმენტის მიხედვით, დედაქალაქის მერიის ბიუჯეტიდან მილანურ კომპანიას 1 800 000 ლარს 155 ქვის სკამში გადაუხდიან. შესაბამისად, ერთი ქვის სკამის ფასი დაახლოებით 12 000 ლარია.
შეგახსენებთ, რომ თბილისის მერიამ იტალიიდან თითქმის მილიონ ლარად დედაქალაქის მთავარი ნაძვის ხეც ჩამოიტანა, რომელიც ასე გამოიყურება:
ცნობისთვის: თბილისის მერიამ საახალწლო ნაძვის ხესა და განათებებში 2.8 მლნ ლარი დახარჯა.
მერიამ იტალიურ კომპანია IDO SRL-ს ქუჩების გასანათებელ მოწყობილობებსა და ელექტრონათურებში 1 250 000 ლარს გადაუხადა, 4 55 000 ლარი – სხვა განათებებსა და ნათურებში, ხოლო ნაძვის ხეში – 305 000 ევროს (დღევანდელი კურსით დაახლოებით 998 000 ლარი).
IDO SRL იტალიური კომპანიაა და ერთადერთია, რომელიც ტენდერებში მონაწილეობდა.
სატენდერო დოკუმენტის მიხედვით, ნაძვისხის სიმაღლე 25 მეტრია, 33 000 ცალი ნაძვისხის მწვანე ტოტითა და LED განათებებით არის გაფორმებული. შეკვეთილი ნაძვის ხისა და სხვა საახალწლო ილუმინაციების დამზადების ბოლო ეტაპის გასაცნობად იტალიაში დედაქალაქის მერი კახა კალაძეც იმყოფებოდა.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ კვლევის თანახმად, 2019 წლის საახალწლო და საშობაო ღონისძიებებზე საქართველოს 5-მა თვითმმართველმა ქალაქმა, თბილისმა, ბათუმმა, ქუთაისმა, რუსთავმა და ფოთმა, ჯამში, დაახლოებით 6.5 მილიონი ლარი დახარჯა ბიუჯეტიდან. ამ თანხის 82% თბილისზე მოდიოდა.