
სენატორი: აშშ-ის დახმარების ახალი პაკეტი უკრაინისთვის ATACMS-ების მიწოდებასაც ითვალისწინებს
22/04/2024 05:14:47 მსოფლიო
დემოკრატი სენატორი მარკ უორნერი ვარაუდობს, უკრაინისთვის 61 მლრდ დოლარის სამხედრო დახმარების შესახებ კანონის დამტკიცებისა და პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ხელმოწერის შემდეგ, აშშ-ის სამხედრო დახმარების პირველი ნაკადი, მათ შორის ოპერატიულ- ტაქტიკური რაკეტები - ATACMS, შესაძლოა უკრაინაში მომდევნო კვირაში გაიგზავნოს.
„იმედი მაქვს, რომ მას შემდეგ რაც ის [კანონი] პრეზიდენტთან მოხვდება სამშაბათს ან ოთხშაბათს, ეს ნაკადი ჩაეშვება, შორი მოქმედების რაკეტებთან, ATACMS-ებთან [ერთად], მე იმედი მაქვს, როდესაც მას პრეზიდენტი მოაწერს ხელს. ეს ტვირთები კვირის ბოლოსთვის უკვე გზაში იქნება“, - განუცხადა სენატორმა უირენერმა ტელეკომპანია CBS-ს.
სენატორმა ჟურნალისტის კითხვის პასუხად დაადასტურა, რომ საუბარი სწორედ შორი მოქმედების რაკეტებზე ATACMS-ზე ჰქონდა და რომ ეს კანონში წერია.
ATACMS 300 კმ დისტანციის ტაქტიკური ბალისტიკური რაკეტაა, რომელის გაშვება მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა HIMARS-იდან ხდება. გასულ შემოდგომაზე შეერთებულმა შტატებმა უკრაინას ამ რაკეტების ძველი მოდიფიკაციის (160 კმ რადიუსის) რაკეტების საცდელი პარტია გადასცა. იმის შესახებ, რომ აშშ უკრაინისთვის რაკეტების ახალი პარტიის გადაცემას აპირებდა მედიაში ბოლო თვეებში არაერთხელ გახმაურდა.
აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ მრავალთვიანი დისკუსიების შემდეგ 21 აპრილს დაამტკიცა უკრაინისთვის დახმარების გამოყოფა. ეს ნაწილია უფრო ფართო პაკეტისა, რომელიც ასევე ითვალისწინებს დახმარებას ვაშინგტონის სხვა მოკავშირეებისთვისაც, მათ შორის ისრაელისთვის და ტაივანისთვის.
დოკუმენტის თანახმად, უკრაინა მიიღებს 60,84 მილიარდ დოლარს.
კანონის მიღების შემდეგ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ის რუსეთის წინააღმდეგ უკრაინის „გამარჯვების შანსს“ ხედავს.