Accentnews.ge
SIPRI: გლობალური სამხედრო ხარჯები რეკორდული ტემპით იზრდება

SIPRI: გლობალური სამხედრო ხარჯები რეკორდული ტემპით იზრდება

22/04/2024 09:27:55 მსოფლიო

სტოკჰოლმის მშვიდობის კვლევის ინსტიტუტის (SIPRI) ანგარიშის თანახმად, გლობალური სამხედრო ხარჯები რეკორდული ტემპით იზრდება. კერძოდ, 2023 წელს გლობალურმა სამხედრო ხარჯებმა ორ ტრილიონ 443 მილიარდ დოლარს მიაღწია, რაც 2022 წლის ხარჯებთან შედარებით 6,8%-ით არის გაზრდილი. SIPRI–ს ცნობით, ეს ბოლო 14 წლის განმავლობაში ყველაზე მკვეთრი ზრდაა.

  • 2009 წლის შემდეგ პირველად, სამხედრო ხარჯები SIPRI-ის მიერ შესწავლილ ხუთივე გეოგრაფიულ რეგიონში გიზარდა და გლობალური მასშტაბით მშპ-ს ორ პროცენტზე მეტია.

"გასულ წელს თავდაცვის მიზნებისთვის ყველაზე მეტი თანხა შეერთებულმა შტატები, ჩინეთმა, რუსეთმა, ინდოეთმა და საუდის არაბეთმა დახარჯეს. ამ ქვეყნებზე მოდის გლობალური სამხედრო ხარჯების 61%", – ნათქვამია ანგარიშში.

დოკუმენტის თანახმად, 2023 წელს რუსეთის სამხედრო ხარჯები 24%-ით გაიზარდა და 109 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც 57%-ით მეტია, ვიდრე 2014 წელს, როდესაც რუსეთმა ყირიმის ანექსია მოახდინა. საერთაშორისო ექსპერტების შეფასებით, 2023 წელს რუსეთის თავდაცვის ასიგნებამ სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის 16%-ს მიაღწია (მშპ-ს დაახლოებით ექვსი პროცენტი),

2023 წელს რუსეთის სამხედრო ხარჯების შესახებ მონაცემები ძალიან გაურკვეველია უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ რუსეთის ხელისუფლების კიდევ უფრო მზარდი ფინანსური გაუმჭვირვალობის გამო. "რუსეთში, საბიუჯეტო სახსრების გარდა, სამხედრო სფერო ფინანსდება სხვა საბიუჯეტო წყაროებიდან, როგორიცაა საწარმოები, ფიზიკური პირები და ორგანიზაციები", – ნათქვამია ანგარიშში.

სამხედრო ხარჯების თვალსაზრისით მსოფლიოში მერვე ადგილზეა უკრაინა, რომელმაც გასულ წელს 51%-ით მეტი თანხა, თავდაცვაზე დაახლოებით 64 მილიარდ 800 მილიონ დოლარამდე (ქვეყნის მშპ-ს 37%) დახარჯა. გასული წლის განმავლობაში კიევმა სამხედრო დახმარების სახით 35 მილიარდი დოლარიც მიიღო. საერთო ჯამში, ეს დახმარება და უკრაინის საკუთარი თავდაცვის ბიუჯეტი რუსეთის მიერ გაღებული სამხედრო დანახარჯების დაახლოებით 91%-ს შეადგენს.

NATO-ს წევრ ქვეყნებს შორის თავდაცვაზე ყველაზე მეტს შეერთებული შტატები ხარჯავს. აშშ-ის თავდაცვის ბიუჯეტი გაიზარდა 916 მილიარდამდე, რაც NATO–ს წევრი ქვეყნების მთლიანი სამხედრო ხარჯების 68%-ს შეადგენს. ევროპის ქვეყნებს შორის გასულ წელს პოლონეთმა ყველაზე მეტად, 75%-ით, 31,6 მილიარდ დოლარამდე გაზარდა სამხედრო ხარჯები, რაც მე-14 უდიდესი თავდაცვის ბიუჯეტია მსოფლიოში.

ჩინეთში თავდაცვის ხარჯები ზედიზედ, 29 წელია იზრდება. გასულ წელს ჩინეთის სამხედრო ბიუჯეტი 296 მილიარდი დოლარით გაიზარდა, რაც წინა წელთან შედარებით 6%–ით მეტია.

SIPRI-ს ანალიტიკოსების აზრით, 2023 წელს მთლიანი სამხედრო ხარჯები ცხრა პროცენტით, 200 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა ახლო აღმოსავლეთში. ეს არის ყველაზე მაღალი წლიური ზრდის ტემპი რეგიონში ბოლო ათწლეულის განმავლობაში. ამრიგად, ისრაელის თავდაცვის ბიუჯეტი 24%-ით გაიზარდა და 27 მილიარდ დოლარს გადააჭარბა. ექსპერტები ახლო აღმოსავლეთში სამხედრო ხარჯების მნიშვნელოვან ზრდას რეგიონში ვითარების ესკალაციას, ისრაელზე დაჯგუფება ჰამასის თავდასხმის შემდეგ ღაზის სექტორში ომის დაწყებას და ირან-ისრაელის ურთიერთობების გამწვავებას უკავშირებენ.

“სახელმწიფოები უპირატესობას ანიჭებენ სამხედრო ძალას, რაც სულ უფრო არასტაბილურ გეოპოლიტიკურ და უსაფრთხოების ვითარებაში 'უმოქმედობიდან ბრძოლის სპირალში' შესვლის რისკს შეიცავს", - განაცხადა ნან ტიანმა, SIPRI-ის სამხედრო ხარჯებისა და იარაღის წარმოების პროგრამის უფროსმა მკვლევარმა.

2022 წელს, როდესაც რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ ომი გააჩაღა, მსოფლიოში სამხედრო ხარჯი 3,7%-ით გაიზარდა და 2240 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწია. საერთო მოცულობიდან 56% აშშ-ზე, ჩინეთსა და რუსეთზე მოდიოდა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S