
რუსულ სპეცსამსახურებთან დაკავშირებული ინსტიტუტი თბილისში "ტრადიციული ღირებულებებზე" მართავს კონფერენციას
22/04/2024 14:22:01 პოლიტიკა
რუსულენოვანი დამოუკიდებელი მედიაპროექტი Агентство წერს, 22 აპრილს, თბილისში იმართება კონფერენცია - "რუსეთი და მსოფლიო: დიალოგები – 2024. მიზიდულობის ძალები".
ერთ-ერთ ორგანიზატორად დასახელებულია "კომუნიკაციების განვითარების ეროვნული კვლევითი ინსტიტუტი" (НИИКР), რომელიც რუსეთის სახელმწიფო უსაფრთხოების კომიტეტის, რუსეთის საგარეო დაზვერვის საბჭოსა და რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი თანამშრომლების მიერაა შექმნილი.
НИИКР-ს ვებგვერდზე კონფერენციის შესახებ გამოქვეყნებული განცხადების მიხედვით, ექსპერტები რუსეთიდან და საქართველოდან განიხილავენ თემას - "ტრადიციული ღირებულებები, როგორც ქვეყნებისა და ხალხების ერთმანეთთან დაახლოების ფაქტორი".
საქართველოდან კონფერენციის ორგანიზებაში ჩართულები აირან - "ევრაზიის ინსტიტუტი" და "SIKHA Foundation".
ანონსის მიხედვით, კონფერენციის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართავს "ევრაზიის ინსტიტუტის" დირექტორი გულბაათ რცხილაძე, ასევე, არჩილ სიხარულძე – SIKHA Foundation კვლევითი ცენტრის დამფუძნებელი.
რაც შეეხება რუსულ მხარეს, სიტყვით გამომსვლელებს შორის არიან: НИИКР-ის დირექტორის მოადგილე, ვალენტინა კომლევა, რუსეთის საზოგადოებასთან ურთიერთობის ასოციაციის (РАСО) პრეზიდენტი - ევგენი მინჩენკო.
"სპეცსამსახურები კონფერენციებზე დადიან?" - უპასუხა ღონისძიებასთან დაკავშირებით "ტვ პირველს" გულბაათ რცხილაძემ.
მისი თქმით, ადგილსამყოფელის გასაიდუმლოების გადაწყვეტილება, სავარაუდოდ, ქვეყანაში პროევროპული აქციების გამო მიიღეს.
რცხილაძე არ პასუხობს კითხვას, ვინ აფინანსებს ამ კონფერენციას:
"მარტო მე არ ვარ ამის ორგანიზატორი, არის ხალხი, სტუმრებია... მოგეხსენებათ, რა ავადმყოფური სიტუაციაა ჩვენს ქვეყანაში, რაღაც მიტინგ-მგოსნები, ხალხი რომ მშვიდად იყოს, შეიძლება, იმიტომ არ მოახდინეს აფიშირება... არიან სტუმრები ჩამოსული, ორი კაცია ჩამოსული რუსეთიდან, პროფესორები არიან,“ - თქვა რცხილაძემ.
არსებული ინფორმაციით, სტუმრების სიაშია რუსეთის მოქალაქე ვალენტინა კომლეევა , რომელიც თბილისში ჩამოსვლამდე ოკუპირებულ ცხინვალში იმყოფებოდა, შესაბამისად, დარღვეული აქვს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონი
"პირველ რიგში, მე არ მესმის, როგორ მოხვდნენ თბილისში ადამიანები, რომლებიც სულ რამდენიმე დღის წინ იყვნენ ოკუპირებულ ცხინვალში. როგორც ჩანს, ეს მოხდა ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონის დარღვევით. ეს უნდა შემოწმდეს, როგორ აღმოჩნდნენ ისინი საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე.
რაც შეეხება კონფერენციას, რომელიც ახლა თბილისში იმართება, ეს არის იმ დიდი კონფერენციის ნაწილი, რომელიც უკვე რამდენიმე წელია, რუსეთი ატარებს და ეს არის აბსოლუტურად მიზანმიმართული კამპანია კრემლის პოლიტიკის გასატარებლად უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ. ანუ, კრემლი მეზობელ ქვეყნებთან, რომლებთანაც ის მეგობრობს, განიხილავს, თუ როგორ უნდა წარიმართოს დიალოგი მომავალში და როგორც ჩანს, ისინი თვლიან, რომ საქართველოს ხელისუფლებასთანაც მეგობრობენ.
აქ არის გარკვეული მსგავსება უცხოელი აგენტების შესახებ კანონთან, რომელსაც საქართველოში რუსულ კანონს უწოდებენ, ყირგიზეთს, მაგალითად, კრემლმა პირდაპირ და საჯაროდ მოუწოდა, რომ უცხოელი აგენტების შესახებ კანონი მიეღო და ყირგიზეთმაც ეს შეასრულა. საქართველოს, რა თქმა უნდა, კრემლი ამას საჯაროდ ვერ ეტყვის, იმიტომ რომ ეს გამოიწვევს უარყოფით რეაქციას მოსახლეობაში, მაგრამ კანონს თბილისში მაინც განიხილავენ. იგივე ხდება აქაც. საჯაროდ არავინ ამბობს, რომ თბილისში კონფერენცია იმართება და მთავრობაც დაპატიჟებულია, მაგრამ კონფერენცია მაინც იმართება,"– ამბობს ფონდ "თავისუფალი რუსეთის" ხელმძღვანელი და ჟურნალისტი იგორ კუროპტევი.