«ტრენდული» ნაძვი, არატრენდული სუფრა და შვილმოკლული მამა – საახალწლო ილუმინაციაში

26-12-2019 19:05:19 საზოგადოება ,სამართალი ,ანალიზი

ბოლო დღეებში ბევრს ვდავობთ საახალწლო მორთულობაზე, „გასხლულ“ მილანურ ნაძვის ხეზე და ამ ყველაფერში გადახდილ მილიონებზე... მაგრამ რა გინდა, თქვა? „იტალიურია, ტრენდულიაო“ – ბრძანებს დედაქალაქის მერი კახა კალაძე და მომავალი წლისთვის ნორვეგიულსაც გვპირდება. რამდენად «ტრენდული» იქნება ამ ფონზე ბევრი ჩვენი თანამოქალაქის მოკრძალებული ან სულაც ცარიელი საახალწლო სუფრა – ეს, ასე ვთქვათ, «სხვა თემაა», თანაც თემა, რომელმაც ბევრისთვის უკვე სენსიტიურობაც დაკარგა ფაქტობრივი შიმშილის ქართულ ყოველდღიურობად ქცევის ფონზე. მაგრამ თუ რესპუბლიკის ან ორბელიანის მოედნიდან (სადაც ახალი წლის საზეიმო ღონისძიებებია კონცენტრირებული) რამდენიმე მეტრს გაივლი, კაშკაშა საახალწლო ილუმინაციის მიუხედავად, ძალზე მძიმე, ძალზე ტრაგიკულ რეალობაში მოხვდები: იქ, პარლამენტთან, შვილმოკლული მამა დგას უკვე ორწლიანი მოთხოვნით – სახელმწიფომ მისი ოჯახის წინაშე ჩადენილი დანაშაული აღიაროს და ბოდიში მოიხადოს... შვილმოკლული მამის თვალებსაც მივეჩვიეთ? - თუ კი, ეს ჩვენი მენტალური დიაგნოზია...

2017 წლის 26 დეკემბერს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტულმა ცენტრმა პანკისის ხეობაში სპეცოპერაცია ჩაატარა. ტერორიზმის ხელშეწყობის ბრალდებით 4 პირი დააკავეს: ზურაბ გორნაკაშვილი, რუსლან ალდამოვი, რამაზ მარგოშვილი და ბაადურ ჩოფანაშვილი, ხოლო თემირლან მაჩალიკაშვილი სპეცოპერაციის დროს თავის არეში დაჭრეს და რამდენიმე დღეში იგი კლინიკაში გარდაიცვალა.

“მესამე ახალ წელსაც ქუჩაში ვხვდები. სწორედ ამ დღეს სისტემამ ჩემი ოჯახი გაანადგურა. თავიანთი მიზნებისთვის ჩემი ოჯახი გაწირეს”,- ამბობს მალხაზ მაჩალიკაშვილი.

მას კვლავინდებურად აქვს კითხვები, რომლებზეც პასუხი ამ დრომდე ვერ იპოვა. მათ შორის მთავარი მაჩალიკაშვილების სახლში, თემირლანის ოთახში გვაბრუნებს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ვერსიის თანახმად, თემირლანმა ხელყუმბარით გასწია წინააღმდეგობა; ოჯახის ვერსიით კი, ოპერაციის დროს თემირლანს ეძინა, შესაბამისად, არათუ წინააღმდეგობა გასწია, ისე გარდაიცვალა, ვერც გაიგო, მის თავს რა ხდებოდა, ხელყუმბარად კი სპეცრაზმელმა მობილური ტელეფონი აღიქვა.

კითხვები თემირლანის საქმის გარშემო

როგორც მაჩალიკაშვილების ოჯახის ადვოკატი „ადამიანის უფლებების სწავლებისა ცენტერიდან“ ქეთი ჩუთლაშვილი ამბობს, მნიშვნელოვანია სროლის განმახორციელებელი პირის, ასევე სპეცოპერაციის დამგეგმავთა და მონაწილეთა პასუხისმგებლობის საკითხის განსაზღვრა.

დაცვის მხარემ პროკურატურას რამდენიმე კითხვით მიმართა. ერთ–ერთი მთავარი მოთხოვნა მტკიცებულებების შესაძლო ფალსიფიცირებასა და განადგურებაზე გამოძიების დაწყება გახლდათ. აქ იგულისხმება ხელყუმბარის „ჩადება“, რაზეც, ადვოკატის განმარტებით, მიუთითებს რამდენიმე გარემოება უშუალოდ საქმის მასალებიდან:

„როდესაც სპეცრაზმი შევიდა თემირლან მაჩალიკაშვილის საძინებელ ოთახში, მომენტალურად, გაფრთხილებისა და მოწოდების გარეშე განახორციელა გასროლა. გასროლის შემდეგ ოჯახის წევრები სხვადასხვა ოთახებში გადაანაწილეს, აუკრძალეს გარეთ გამოსვლა და ორი–სამი საათის განმავლობაში მთელი სახლი სუს–ის აბსოლუტური კონტროლის ქვეშ იყო. ანუ, მათ ნებისმიერ დროს შეეძლოთ ხელყუმბარის მიტანა და შესაბამის ადგილას განთავსება, ასევე ხელყუმბარაზე კვალის გადატანა. გარდა ამისა, ხელყუმბარა შემთხვევის ადგილიდან ამოიღეს სუს–ის თანამშრომლებმა, რაც მნიშვნელოვანი პრინციპის დარღვევაა: სუს–ი ამ საქმეში დაინტერესებული მხარე იყო და მას არც საგამოძიებო, არც საპროცესო მოქმედებები უნდა განეხორციელებინა, მაგრამ განახორციელა და იმთავითვე ეჭვები გააჩინა, რომ ობიექტური გამოძიება მიღწეული ვეღარ იქნებოდა“.

ადვოკატი იმაზეც მიუთითებს, რომ საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის ოქმში არ არის აღწერილი, როგორ გამოიყურებოდა ამოღებული ხელყუმბარა, მათ შორის, ჰქონდა თუ არა მას წითელი ან მსგავსი ფერის ლაქები. მისი თქმით, ეს ვერც იმ ადამიანების გამოკითხვის ოქმებიდან დგინდება, რომლებიც ოპერაციას ესწრებოდნენ.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დეტალი, რომელზეც ადვოკატი მიუთითებს, კვლავ ხელყუმბარას ეხება: სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნიდან ირკვევა, რომ ექსპერტს ხელყუმბარა დაულუქავ მდგომარეობაში გადაეცა, რაც დაცვის მხარისთვის მტკიცებულების თაობაზე ეჭვის გაჩენის საფუძველს ქმნის:

„პაკეტზე, რომელშიც ხელყუმბარა იყო მოთავსებული, რატომღაც მითითებულია 21 ნოემბერი ნაცვლად 26 დეკემბრისა [21 ნოემბერს სალოსის ქუჩაზე სპეცოპერაცია ჩატარდა. სწორედ იმ ჯგუფთან კავშირს ედავებიან 26 დეკემბერს დაკავებულებს]“.

რაც შეეხება მტკიცებულებების შესაძლო განადგურებას, ადვოკატის განმარტებით, ხელყუმბარის ამოღების შემდეგ სუს–მა თავად დაინიშნა ექსპერტიზა და დადგენილებაში მიუთითა, რომ უნდა განხორციელებულიყო მისი ვარგისიანობის შემოწმება, რაც ხელყუმბარის აფეთქებას გულისხმობს:

„ეს არ იყო ის საქმე, რომელშიც ხელყუმბარის ვარგისიანობის შემოწმება რაიმე სახის სამართლებრივ დეტალს წყვეტდა. როგორც ჩანს, რეალურად, სუს–ის მიზანი ხელყუმბარის განადგურება იყო, რათა შემდგომში დამატებითი საექსპერტო კვლევების განხორციელების შესაძლებლობა აღარავის ჰქონოდა. გარდა ამისა, სუს–ის თანამშრომლებმა თვითნებურად შეცვალეს იარაღზე კონკრეტული ნაწილი, რომლითაც გასროლა განხორციელდა; თვითნებურად ამოიღეს მასრა; თემირლანისთვის თავის არეში მიყენებული ჭრილობის კვალი ქირურგიულად ისე დამუშავდა, რომ გაქრა... და ამ დეტალებმა იმოქმედა იმაზე, რომ სროლის მანძილის ზუსტი განსაზღვრა ვერ მოხერხდა“.

იმის აღსადგენად, თუ რა მოხდა ოთახში, ადვოკატის თქმით, რამდენიმე დეტალია საყურადღებო:

„სამხარაულის ბიუროს მიერ ჩატარებული ექსპერიმენტით, რომელსაც ჩვენც ვესწრებოდით, დადგინდა, რომ თემირლანი გასროლის მომენტში მწოლიარე მდგომარეობაში იყო. გარდა ამისა, ჟურნალისტის მიერ გადაღებულ ფოტოებზე აღმოვაჩინეთ, რომ თემირლანის საწოლში იყო ყურსასმენები. ფოტოები გადაღებულია მას შემდეგ, რაც სუს–ის წარმომადგენლებმა დატოვეს მაჩალიკავილების სახლი და ვიდრე ადგილზე მივიდოდნენ პროკურატურის თანამშრომლები - ანუ იმ დროს, როდესაც შემთხვევის ადგილი იყო დაუცველი. ეს ფოტოები გავუგზავნეთ პროკურატურას და სადღეისოდ ისინი საქმეში დევს. დიდი ხნის განმავლობაში ვითხოვდით რეაგირებას, თუმცა უშედეგოდ. ბოლო ერთი თვეა, რაც ჩაატარა ექსპერტიზა იმასთან დაკავშირებით, არის თუ არა ფოტოებზე გამოსახული ნივთი ყურსასმენები. როდესაც შემთხვევის ადგილის დათვალიერება მოხდა, ყურსასმენები არ იქნა აღმოჩენილი. ვვარაუდობთ, რომ სპეცოპერაციის მომენტში თემირლან მაჩალიკაშვილს ყურსასმენები ეკეთა და ის ოთახში შესვლის ხმასაც ვერ გაიგებდა, ხოლო ხელყუმბარის აღებასა და მუქარის განხორციელებაზე საუბარი ვფიქრობ, საერთოდ არაგონივრულია“.

ამჟამად მაჩალიკაშვილები სახელმწიფოს წინააღმდეგ დავას ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში აწარმოებენ. იგი რამდენიმე მუხლით მიმდინარეობს: სიცოცხლის უფლების ხელყოფა, არაადამიანური მოპყრობა და არაეფექტური გამოძიება.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები