სანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის კრიტერიუმების შემოწმება - ევროპარლამენტში რეზოლუციის შესწორებებსაც უყრიან კენჭს
25-04-2024 00:21:28
პოლიტიკა
ევროპარლამენტი 25 აპრილს დაგეგმილ პლენარულ სესიაზე „აგენტების კანონის“ შესახებ რეზოლუციის ტექსტს და მასთან ერთად ორ შესწორებას უყრის კენჭს - შესწორებები სავიზო რეჟიმს და ივანიშვილის სანქცირებას უკავშირდება,– იტყობინება "რადიო თავისუფლება".
გამოცემის ცნობით, ევროპარლამენტში წარდგენილია საერთო რეზოლუციის შესწორების ორი ვერსია. ერთ-ერთი შესწორებების ავტორია პოლიტიკური ჯგუფი „განაახლე“ (წარმოადგენს ევროპარლამენტარი ურმას პაეტი), მეორისა კი - „ევროპელი კონსერვატორები და რეფორმისტები“ (წარმოადგენს ანა ფოტიგა).
„ევროპელი კონსერვატორებისა და რეფორმისტების“ შესწორება ორ პუნქტს მოიცავს:
- ევროკავშირის საბჭოსა და ევროკავშირის პარტნიორებს მოუწოდებს, დაუწესონ სანქციები ბიძინა ივანიშვილს, რომელიც „კიდევ ერთხელ ცდილობს, ძირი გამოუთხაროს ქვეყნის დასავლურ კურსს რუსეთისკენ გადახრის სასარგებლოდ“ და „რომელიც საკუთარი ხალხის ინტერესების წინააღმდეგ მოქმედებს“;
- ხელახლა მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, პატიმრობიდან გაათავისუფლონ ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი.„განაახლეს“ შესწორება სამ პუნქტს მოიცავს:
„განაახლეს“ შესწორება სამ პუნქტს მოიცავს:
- ევროპარლამენტი მოუწოდებს ევროკომისიას, შეაფასოს „აგენტების კანონის“ გავლენა საქართველოს მიერ ვიზალიბერალიზაციის კრიტერიუმების შესრულებაზე, განსაკუთრებით, ფუნდამენტური უფლებების ნაწილში, - „რაც ევროკავშირთან სავიზო ლიბერალიზაციის პოლიტიკის უმნიშვნელოვანესი კომპონენტია“.
- მოუწოდებს „ქართულ ოცნებას“, გაიწვიოს საკონსტიტუციო ცვლილებების სახით ინიციირებული პროექტი, რომელიც „ზღუდავს ლგბტიქ უფლებებს და არის თავდასხმა არამხოლოდ ლგბტიქ თემზე, არამედ, სიტყვის თავისუფლებასა და თავისუფალ სამოქალაქო საზოგადოებაზე“.
- მოუწოდებენ საქართველოს ხელისუფლებას, გაათავისუფლოს მიხეილ სააკაშვილი „ჰუმანიტარული საფუძვლით და მისცენ საზღვარგარეთ მკურნალობის შესაძლებლობა“.
იხილეთ ასევე: "გაწევრიანების მოლაპარაკებები არ უნდა დაიწყოს" – ევროპარლამენტის ერთობლივი რეზოლუციის პროექტი გამოქვეყნდა